პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებულ საკითხებს აუდიტის სამსახური სწავლობს

პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებულ საკითხებს აუდიტის სამსახური სწავლობს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიები ვალდებულები არიან, სამ კვირაში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
“პარტიები ვალდებულები არიან, სამ კვირაში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას სისტემატურად ვსწავლობთ, მათ შორის პაატა ბურჭულაძის პარტიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და საქმიანობას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. შევისწავლით ნებისმიერ ხარჯსა და ღონისძიებას, მათ შორის მიმდინარეობს შესწავლა შემომწირველებთან დაკავშირებითაც. ეს სისტემატური და მიმდინარე პროცესია”,- განაცხადა აზნაურაშვილმა.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახური შემომწირველებთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახურისგან ითხოვს.
“ამ ეტაპზე არის რამდენიმე კითხვა 40 პირთან დაკავშირებით, რომელთა დაბარებაც მიმდინარეობს და ეს პირები არიან თითქმის ყველა პარტიის შემომწირველები. ჩვენ გვაქვს კითხვა დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით, რომ მათ უმრავლესობას არ უფიქსირდებათ საკმარისი შემოსავლები, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ მათ ვეკითხებით, რა წყაროებიდან მოხდა შემოწირულობების განხორციელება და შესაძლებელია მათ წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია იჯარის არსებობასთან დაკავშირებით, ან რაიმე სხვა შემოსავალი, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ამ პირების გამოკითხვა ყოველდღიურად მიმდინარეობს”,- აღნიშნა აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები