კობა ნარჩემაშვილი: 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ 22% მიიღო
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მაშინდელმა ოპოზიციამ მთლიანობაში იმაზე ბევრად მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ხელისუფლებამ.
ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხელისუფლებები ყოველთვის უნდა შეიცვალოს, რაც უფრო ხანგრძლივია ხელისუფლებაში ყოფნა, მით მეტია პრობლემები. ოღონდ ხელისუფლებები არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო გადატრიალებების გზით. ჩემი აზრით, ეს ბანალური ჭეშმარიტებაა“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის“ შეფასებისას.
შეკითხვაზე, უნდა შეცვლილიყო თუ არა ხელისუფლება 2003 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, არჩევნების გაყალბების მიმართულებით არსებული პრობლემების მიზეზით, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ მან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, საარჩევნო სიების შედგენაში სერიოზული მონაწილეობა მიიღო.
„მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზარმაზარი მუშაობა ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ახლაც დევს ასლები, რომელიც კარდაკარ შემოვლით მოვიპოვეთ. თუ ვინმე საკითხს კარგად შეისწავლის, ნახავს, რომ ჩვენ მაშინ აბსოლუტურად სწორის საარჩევნო სია დავდეთ. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ 22% მიიღო. თუ მმართველმა პარტიამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, სახელისუფლებო პარტიამ რატომ არ მიიღო, თუნდაც 64%?“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხი მაშინ მანიპულირებადი თემა იყო, რადგან ტოტალურ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
“თუ ამ თვალსაზრისით, 2004-1012 წლებს გადავხედავთ, არჩევნების კატასტროფულად გაყალბების სურათს მივიღებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 1/3-ით მეტი ხმა უნდა ჰქონოდა, ვიდრე მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბების მიუხედავად, მოსახლეობის მზადყოფნა, არჩევნების გზით შეეცვალა ხელისუფლება, იმდენად ძლიერი იყო, რომ მეტის გაყალბება ვეღარ მოახერხეს,“- განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა.