ფეთჰულაჰ გიულენი ბრალდებებს პასუხობს

თურქი სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს, ბრალდებებს პასუხობს.
გიულენი ვარაუდობს, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამავე ქვეყნის მთავრობის მიერ იყო ინსცენირებული.
პენსილვანიის შტატში, თავის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულენმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მის მიმართ ბრალდებები უარყო.
ფეთჰულაჰ გიულენი მიიჩნევს, რომ პროცესების მიზანი, მისი თანამოაზრეების დევნა იყო.
„არ მგონია, რომ მსოფლიო საზოგადოებას სჯეროდეს იმ ბრალდებების სინამდვილის, რასაც ერდოღანი და მისი რეჟიმი მე მიყენებენ“, – განაცხადა გიულენმა.
ინტერვიუში გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის თავადაც გახდა სამხედრო გადატრიალების მსხვერპლი 90-იან წლებში და კატეგორიული წინააღმდეგია მსგავსი ქმედებებისა.
“სამხედრო გადატრიალებების შემდგომ პერიოდებში ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც კი ვყოფილვარ. ყოველივე ამის შედეგად მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხდარვარ,“ ახლა, როდესაც თურქეთი უკვე მყარად დგას დემოკრატიულ რელსებზე, მისი შებრუნება სხვა მიმართულებით შეუძლებელია“, – განაცხადა გიულენმა ინტერვიუში.
“გარდიანის“ ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა ასე უპასუხა:
“რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც – ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს თურქეთის პოლიტიკური პრობლემებისგან და ვაპირებ თავისუფლად ცხოვრებას მომავალშიც“, – განაცხადა გიულენმა.
ალფ ასლანდოღანის, ფეთჰულაჰ გიულენის მედიამრჩეველისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა “Hizmet“ – ის (“მსახურება“) ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით, სოციალურ მედიაში მისი მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო, დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი.
გიულენის საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ.
“თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი,
ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს“, -აღნიშნა დემონსტრანტმა.
ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი არსებობს გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილებოდა.
„აქამდე კი თურქეთის მთავრობას არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება ამ მხრივ. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს“, – განაცხადა ასლანდოღანმა.
ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში.
“სახელმწიფო გადატრიალება საკმაოდ არაორგანიზებულად ჩატარებული ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც დეტალები მიგვითითებს, ყველაფერი ერდოღანის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ ჩატარდა სახელმწიფო გადატრიალების ხსენებული ოპერაცია“ ,-აღნიშნა ასლანდოღანმა.
ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრები გაოცებით შეხვდნენ გიულენის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.
“ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰარუნ გულთექინმა, რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და მახლობელ დასახლებაში ცხოვრობს.
საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთჰულაჰ გიულენმა ამ შემთხვევამდე, ბოლოს ინტერვიუ 2014 წელს მისცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, გიულენი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს, სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის.
შაბათის ინტერვიუმდე, მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც გიულენის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. გიულენის საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით ჰგავს კონსპირატორის ადგილსამყოფელს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად და დარიგებების მისაღებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც “კვირას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გიულენმა, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის შტატში ცხოვრობს და საზოგადოებრივ მოძრაობა “Hizmet“ -ს უძღვება (“მსახურება“), ინტერვიუ მცირე სალოცავ ოთახში მისცა. სალოცავი ოთახი გაწყობილია ხალიჩებით, მორთულია ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ყავისყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტისა და საზოგადო მოღვაწის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი გუშინ განაცხადა, რომ თურქეთს, პირველ რიგში, ფეთჰულა გიულენის ბრალეულობის დამტკიცება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები