დავით ქართველიშვილი: პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და სუსი იმდენად ეფექტურად მუშაობენ, რომ მავნებელი “ენჯეო სექტორი” “განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა, სადაცა მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ”

„მაქსიმუმი, რა ვირეშმაკობასაც მიმართეს მსხვილმა “ენჯეოებმა” – აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირეთში გახსნეს ფილიალები, რაც მათ საშუალებას აძლევს ხელფასების პრობლემა გადაწყვიტონ, მაგრამ ფულის შემოდინების იმ “უპრაგონო” და გაუმჭვირვალე წარსულთან, მათი ეს ძალისხმევა ახლოც ვერ მოდის,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი დეტალურად განიხილავს, კანონმდებლობას, რომელიც რუსულ კანონად შეირაცხა და ქვეყანაში ორი რევოლუციის და სამი მაიდანის მცდელობის მიზეზი გახდა.

„სატელევიზიო ფორმატში სათქმელ და დაგეგმილ ყველა საკითხს ხშირად ვერ ეხები, საეთერო დრო არ გყოფნის. არადა საზოგადოებას სამართლიანად აინტერესებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, თუ რამდენად მუშაობს ქვეყანაში ის კანონმდებლობა, რომლის “რუსულად” შერაცხვით ლამის ორი რევოლუცია და სამი “მაიდანი” მივიღეთ. მოდით მხოლოდ ზერელედ და დილეტანტურად შევეხოთ ამ თემას. მაშ რა მდგომარეობა გვაქვს სადღეისოდ:

ქვეყნის მთავარ პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე “მსუყე” და აგრესიული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები და აქტივები დაყადაღდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 27 აგვისტოს, მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, გაყინა შვიდი ორგანიზაციის ანგარიშები (ბრალდებები უკავშირდება „საბოტაჟსა” და 2024 წლის აქციების მონაწილეთა დაფინანსებას):

Civil Society Foundation (ყოფილი Open Society Georgia Foundation); ISFED — საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის; IDFI — თავისუფლების განვითარების საინფორმაციო ინსტიტუტი; Democracy Defenders; GDI — Georgian Democracy Initiative; Sapari; Social Justice Center.

ქვეყანაში შემოღებულია გრანტების მონიტორინგის ახალი სისტემა. 2025 წელს მიღებული ცვლილებებით, ნებისმიერი გრანტის გაცემამდე დონორმა უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა.

უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრულია ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც აქვს ფართო უფლებამოსილებები „აკრძალული გრანტების” შესწავლისა და სანქციების დაკისრებისთვის. გრანტის გაცემის შემთხვევაში (თანხმობის გარეშე), დაწესებულია ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობის ფარგლებში (განსახილველი ვადა – 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით კიდევ 3 თვემდე). სასამართლომ 2025 წლის ივნისში ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა უფლება მოქმედი კანონის ფარგლებში, მოითხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემები 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში.

კანონით გათვალისწინებული მონაცემთა მიწოდების მოთხოვნა/სასამართლო განჩინება შეეხო: Transparency International Georgia, Sapari, Civil Society Foundation, Economic Policy Research Center, Georgia’s Future Academy და სხვა. შემდგომ ეტაპზე ასევე მოხვდნენ Media Development Foundation და Social Justice Center.

ახალი კანონების პირობებში სისტემა ძალზე ეფექტურად მუშაობს. ანტიკორუფციული ბიურო კანონის შესაბამისად, მასობრივად ითხოვს დოკუმენტებს, სასამართლო კი ანიჭებს უფლებას ანგარიშების გაყინვაზე. კონტროლის მექანიზმი გახდა პრევენციული ხასიათის: მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტი ვერ გაიცემა, პასუხისმგებლობა ვრცელდება როგორც დონორებზე, ასევე მიმღებებზე.

გარდა FARA-ს კანონისა, გადაიდგა დამატებითი ნაბიჯები უცხოეთიდან შემოსული ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობისთვის. შეიქმნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო (State Grants Management Agency) პირველი კონკურსი გამოცხადდა 2025 წლის 21 ივლისს.

ასევე შეიქმნა ღია მმართველობის პლატფორმა (OGP) – ონლაინ ინსტრუმენტი, სადაც თავად საზოგადოებას შეუძლია მონიტორინგი გაუწიოს რეფორმების შესრულებას.

ის, რომ პრევენციის და აღსრულების მექანიზმები მშვენივრად მუშაობენ, დიდი ბრიტანეთიდან გრანტების შეჩერებას, რომ მოჰყვა “აღშფოთებული შეშფოთება”, ძალიან კარგად გვახსოვს. “დიფ სთეიტის” ფისკალური სისტემა ამან იმდენად დიდ საგონებელში ჩააგდო, რომ ჩავარდნილი “ბრიტანული გრანტები” ჯერ პოლონეთის საელჩოს ხაზით გადამისამართდა, მაგრამ იქიდანაც ფულადი ნაკადების მიზნობრივ განაწილებასთან და რისკების გაწევასთან პრობლემები შეიქმნა. მაქსიმუმი, რა ვირეშმაკობასაც მიმართეს მსხვილმა “ენჯეოებმა” – აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირეთში გახსნეს ფილიალები, რაც მათ საშუალებას აძლევს ხელფასების პრობლემა გადაწყვიტონ, მაგრამ ფულის შემოდინების იმ “უპრაგონო” და გაუმჭვირვალე წარსულთან, მათი ეს ძალისხმევა ახლოც ვერ მოდის.

ასე რომ მთავარი პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და სუსი განახლებული საკანონმდებლო პირობებში იმდენად ეფექტურად მუშაობენ, რომ მავნებელი და არაკეთილსინდისიერი “ენჯეო სექტორი” “განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა, სადაცა მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები