ავტობუსი, რომელშიც ანსამბლ „ქართული გენის“ წევრები იმყოფებიან, სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრება

ავტობუსი, რომელშიც ქორეოგრაფიული ანსამბლის „ქართული გენის“ 50 წევრი იმყოფება, სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „კვირას“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება.
„თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, გადაიკეტა სტამბოლისა და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები. აღნიშნულის გამო, 16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელშიც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება. თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ, სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები გაიხსნა, რის შესახებაც სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს.
ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები