“მოშინაურებული“ რკინა და ეკლესიისთვის შეწირული გუმბათის ჯვრები

მხატვარი, ფერწერი, საოცარი ხელოვანი და თავმდაბალი ადამიანი. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს. არადა, მის მიერ რკინისგან, ხის და მინანქრისგან შექმნილი ხელოვნების საოცარი ნიმუშები თბილისსა და თბილისელების ოჯახებს ამშვენებს. ხატვა 3-4 წლის ასაკში დაიწყო და მის ნახატებს ჟურნალში ბეჭდავდნენ. ლევან ჯოხაძე,- “პერსონაში.954553_725638620800636_1328227361_n
– ბატონო ლევან, სანამ თქვენს ხელოვნებაზე გადავალთ, მინდა, საკუთარ თავზე გვესაუბროთ: ვერბალურად როგორ ,,დახატავთთქვენს ავტოპორტრეტს?
 – უხერხულია საკუთარი “პორტრეტის” შექმნა… მაგრამ ვეცდები, გიპასუხოთ. ალბათ რეალური ცხოვრებისთვის არაპრაქტიკული ვარ, ნაკლებად მაინტერესებს ბიზნესი, კომერცია, ყოფითი… თუმცა გასათვალისწინებელია. მიყვარს “კეთილი”, აზრიანი, ორიგინალური კომპოზიციები, რომელიც რთული გასაგები არ იქნება მნახველისთვის და რაღაც მცირე “დოზით” მას სიამოვნებას მიანიჭებს. მიყვარს ხალისიანი, კრეატიული, “უბრალო” ადამიანები.
თქვენ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობთ. თქვენს ნახატებში იმდენი ფერი და სინათლეა… ეს თქვენს ასეთივე შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს?
– ამის საიდუმლო ის არის, რომ   ძალიან მიყვარს მზე, უჟმურ ამინდებს ვერ ვიტან.. ჩემს განწყობაზე მოქმედებს. აი, ახლა გამოთბა და ხასიათი გამომიკეთდა. ჩემს ბიძაშვილს, მხატვარ ნანა მესხიძეს თავის დროზე რუსმა მხატვარმა ჰკითხა: თქვენს ნახატებში სულ ასეთი ნათელი ფერები როგორ გაქვთო? მან კი უპასუხა: იმიტომ, რომ ჩვენთან სულ მზე ანათებს და თქვენი მოჟამული ცა არის, ეს კი თქვენს ხელოვნებაზე გავლენას ახდენსო.10149358_725638127467352_1611468052_n
ამბობენ, ხატვისთვის ხელოვანი ზოგჯერ განსაკუთრებული პირობების შექმნას ითხოვსო, ასეა თქვენ შემთხვევაშიც?
– რაც შეეხება პირობებს, უპრეტენზიო ვარ, თუმცა კარგ პირობებზე უარს არ ვიტყოდი. მთავარი მაინც განწყობაა, “დაპროგრამებული” მუშაობის რეჟიმი ჩემთვის მიუღებელია. თავს კარგად ვგრძნობ მეგობრებში, ოჯახში, ჩემს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეში. მხატვრობაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია ძიების პროცესი, ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახლის შექმნას, არ მაკმაყოფილებს ერთი მიმართულებით ან ერთ სტილში მუშაობა.
ჩემი ცოლის დისშვილი, – თემო კვეზერელი ჩემი გაზრდილია. ერთად ვმუშაობთ, ძალიან ნიჭიერი ადამიანია. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით წარმატებებს, მახსენდება, რომ 12 წლის წინ ლოს – ანჯელესში ერთი წლის განმავლობაში ჰოლივუდში მქონდა გამოფენა, სადაც 50-მდე ჩემი ფერწერული ნამუშევარი გაიყიდა. მაშინ უცხოეთში დარჩენა შემეძლო, მაგრამ ნოსტალგიის გამო ვერ გავძელი და არც ვნანობ, რომ დავბრუნდი…
ბატონო ლევან, თქვენ ლითონზე მუშაობთ, როგორ ახერხებთ ასეთი მძიმე და რთული მასალისგან ამგვარი დახვეწილი და ორიგინალური ფორმის ნივთების შექმნას?
 – ლითონზე მუშაობა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სასიამოვნოდ აზარტული. მთავარია, შედეგი. აკადემიაში სადიპლომო თუ ლითონში უნდა შესრულდეს,- ეს ჩვენს სახელოსნოში ხორციელდება.
 – დროის შეგრძნებას როგორ განიცდის ხელოვანი?

 – რაც შეეხება დროს, მგონი, შემოქმედ ადამიანს ის არასოდეს ყოფნის! – გაიხსენეთ, ადამიანები, რომლებმაც შეგაყვარეს: ეს საქმე, სხვა ადამიანები და სიცოცხლე…1579865_725638844133947_959499856_n
მყავდა კარგი პედაგოგები: ნანა მესხიძე, რადიშ თორდია, სოსო ქოიავა, გივი თოიძე…მაგრამ მთავარი პედაგოგები – ჩემი მშობლები იყვნენ, რომლებმაც მასწავლეს სიმართლით ცხოვრება. ნანა მესხიძე ჩემი დამსახურებული მხატვარი იყო, მამიდაც მხატვარი იყო, საღებავის სუნი ჩემთვის ბავშვობიდან ახლობელია. სხვათა შორის, 3-4 წლის ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე და ჩემი ნახატები ჟურნალ ,,საქართველოს ხმაში“ იბეჭდებოდა. თავიდანვე ხელოვნების გზას დავადექი და სხვა ინტერესი არც მქონია. მერე სასწავლებელში მივედი, არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც აცხადებს, რომ ხატვის სწავლა მათ ნიჭს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს. უბრალოდ, პედაგოგმა არ უნდა შეგბოჭოს და შემოქმედებითი თავისუფლება მოგცეს. დამწყებმა ხელოვანმა ხატვის „ანა-ბანა“ აუცილებლად უნდა აითვისოს. მე თავად, მოსწავლეები აკადემიაში არ მყავს, მაგრამ სახელოსნოში პატარა შეგირდები ყოველთვის მყავდა.
ისეთ ტრადიციულ დარგში მუშაობთ, როგორიცაა, მინანქარი და თქვენს ნახელავში არც ერთი შტრიხი არ მეორდება.
– ვმუშაობ: სპილენძზე, ხეზე, კერამიკასა და მინანქარზე. ადრე მოსკოვიდან ვიღებდი შეკვეთებს, არქიტექტორები მიკვეთავდნენ,- მე ესკიზებს ვხატავდი,- თავის დროზე სწორედ ამით დავიწყე. საბჭოთა კავშირის დროს იყო სამხატვრო კომბინატი, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიღებდით შეკვეთებს, ჩვენი ნაკეთობებით შენობა- ნაგებობების ინტერიერს აფორმებდნენ, მაშინ სიტყვა “დიზაინი“ არც არსებობდა.10150899_725638357467329_1539665311_n
მე ვნახე თქვენი ნახელავი საოცარი ჭიშკარები, ფიგურები, გუმბათის ჯვრები. თავიდან რკინის მოთვინიერება არ გაგიჭირდათ?
– საერთოდ, მხატვრულად გაფორმებული ძალიან ბევრი ობიექტი მაქვს. თვითონაც მიკვირს, როდის მოვასწარით ამდენი. რკინაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაოა, ყველა ნიუანსი და საიდუმლო უნდა აითვისო, მაგრამ დღეს ეს ჩემთვის უკვე ნაცნობი საქმეა და უკვე მინაზე როგორ მუშაობენ, ის მიკვირს. ჩემს მიერ დამზადებული რკინის ჭიშკარი ,,დინამოს“ ბაზას აქვს, კიკეთის ეკლესიის ჭიშკარიც ჩემი გაკეთებულია,- ბატონმა ლევან ვასაძემ დააფინანსა. აგრეთვე სხვადასხვა ფორმის კიბეების რიკულებს, მოაჯირებსა და რკინის ფიგურებს ვამზადებ. რაც შეეხება გუმბათის ჯვრებს, ჩემ მიერ გაკეთებული ჯვრები თბილისის სხვადასხვა ეკლესიებს შევწირე, ამ საქმეში ფულს არ ვიღებ, დაახლოებით 20-25 ჯვარი დავამზადე. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ასეც უნდა იყოს…

თეონა გოგნიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები