რა მოთხოვნებს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სენაკში, კოტიანეთის საბადოზე და რატომ გააჩერეს გადელიას კარიერი სორტის ციხესთან

დავით ლომიტაშვილი: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ – სანამ არ დაგვისაბუთებენ, შეგვითანხმებენ და გარანტიას არ მომცემენ, რომ იქ იქნება სუსტი მუხტების აფეთქება, ვიბრაცია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზარალდება, სამუშაოებს ვერავინ დაიწყებს!“

სენაკის მოსახლეობის მოთხოვნა – შეიქმნას სამთავრობო კომისია, დაიდოს ალტერნატიული ექსპერტიზა და მანამდე კოტიანეთში, კირქვის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერდეს, ლოგიკური და დროულია. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სოციალურ გარემოში მაცხოვრებელი სენაკელებისთვის, სასწორის პინის მეორე მხარეს, ერთი შეხედვით, მაცდური პროექტი – ნოსირში ამუშავებული ქარხანა და დასაქმების პერსპექტივა დევს. ისე, დასაქმება და მუნიციპალიტეტში ინვესტიციის გაჩენა, ტურიზმის განვითარებითა და სწორედ იმ ძეგლების საშუალებითაც შეიძლება მოხერხდეს, რომლებიც ხვალ და ზეგ, შეიძლება, საფრთხის წინაშე დადგეს.
ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს. ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ. ასე რომ, ახლა ჯერი შესაბამის უწყებებზეა.
გაზეთი „ვერსია“ არკვევს, რა პოზიცია აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და რა შემთხვევაში შეექმნება საფრთხე სენაკში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, „ვერსია“ სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, პროფესორ დავით ლომიტაშვილს ესაუბრა:

– ზოგადად, სამეგრელო მესამეულ ცარცულის პლატფორმაზეა განაშენიანებული. პლატოზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ღირებული, მაღალი სამრეწველო პოტენციალის მქონე კირქვის საბადოებია. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ გაჩნდა სურვილი, აქ კირქვა მოიპოვონ. მთავარია, ეს რაღაცის საზიანოდ არ გაკეთდეს. ნოქალაქევის კონცხიდან, პირდაპირი ხაზით, დაახლოებით 3,5-4 კილომეტრში კოტიანეთის ციხეა. აქ კომუნისტების დროს საკირე მუშაობა მიმდინარეობდა და კონცხს მთელი გვერდი ჩამოაცალეს. სამუშაოები ნოქალაქევის ექსპედიციამ გავაჩერებინეთ.
– ეს ის კონცხია, სადაც გადელიას კარიერი იყო და კონკრეტულად რა მიზეზით დაილუქა ეს კარიერი?
– არა, ეს ის კარიერი არ არის. ამ კონცხს რომ გაცდებით, სანამ ძველი სენაკის გზას დაადგებით, კიდევ ერთი კონცხია. სწორედ ეს იყო ბატონი დემურ გადელიას კარიერი. ამ კონცხზე სორტის ციხეა. ნოქალაქევიდან სორტამდე, პირდაპირი ხაზით, 6,5-7 კილომეტრია. დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბატონი დემურ გადელია ამ კარიერზე სამუშაოებს იწყებდა. მაშინვე ჩავედით ადგილზე. სენაკის კულტურის სამსახურის უფროსის წავიმძღვარეთ და ავედით სორტის ციხეზე. მაშინ იქ ექსკავატორებით მუშაობდნენ.
– ეს ციხე რომელი საუკუნისაა, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით?
– სორტის ციხე კოტიანეთიდან 500 მეტრის რადიუსს სცდება. მას ეროვნული კატეგორია არ აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო ძეგლია – აქ ელინისტური ხანის კერამიკა, სინოპური ამფორის ნატეხებია აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ადრეულ პერიოდში, ამ ციხის აშენებამდე 6 საუკუნით ადრე, აქ სავაჭრო გზა გადიოდა, რაც ციხის მნიშვნელობას ერთი ათად ზრდის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, პრევენციის მიზნით, ვთქვი, რომ აქ სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ბატონი დემურ გადელია ღირსეული მოქალაქის სიმაღლეზე აღმოჩნდა – ყველას თანდასწრებით თქვა, არც კარიერია ჩემთვის ძალიან საინტერესო, არც კირქვის ის რაოდენობაა აქ, რაც მე მჭირდებაო და კარიერიდან გავიდა.
– გადელია გავიდა თუ, როგორც კულუარებში ამბობენ, ახლომდებარე კარიერს დაადგა თვალი, ჩოჩელთან ერთად?
– არა, ბატონმა დემურმა მაშინვე გააჩერა სამუშაოები. კაცური სიტყვა თქვა და დღემდე ასრულებს. ჩემი აზრით, ჭორია, თითქოს ბატონ ჩოჩელთან აქვს კავშირი. ამ ხმების არ მჯერა. მოკლედ, ბატონი დემური საქმიდან გავიდა და მშვიდად ვიყავი, სანამ შარშან ისევ არ მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია, რომ იქ ისევ ეძებს ვიღაც რაღაც კარიერს. არც ის ვიცი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და არც ის, კონკრეტულად რომელ კარიერზე იყო საუბარი. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის დღესაც სულ ერთია, ბატონ ჩოჩელს აქვს ლიცენზია თუ ჩინელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმე არ არის, რა ხდება წარმოებაში. ჩვენი საქმეა, საჭიროების შემთხვევაში, საინსპექციო ჯგუფები მივიდნენ კონკრეტულ ადგილებზე და შეისწავლონ ზიანდება თუ არა ესა თუ ის კონკრეტული ძეგლი.
– ინფორმაციის მიღების შემდეგ საინსპექციო ჯგუფი ჩოჩელის კარიერზეც გაუშვით?
– რა თქმა უნდა, გასული წლის შემოდგომაზე, ეს ამბავი გავიგე თუ არა, პირადად ჩავედი ადგილზე. კოტიანეთსა და სორტას შორის კიდევ ერთი გორაკია. ვნახე, რომ გზა უკვე გაყვანილი იყო.
– სხვათა შორის, ამ გზის გაყვანისას, საკმაოდ დიდი მოცულობის ტყეც გაიჩეხა.
– ეკოსისტემა, ჩემი, როგორც მოქალაქის ინტერესის სფერო კია, მაგრამ ჩემი პროფესიული თვალთახედვა ამას ვერ წვდება. სპეციალურმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, ზიანი მიადგა თუ არა გარემოს და კონკრეტულ კომპანიას პასუხისმგებლობა დააკისროს, ხელშეკრულებაში კი ჩაუდოს, რომ ვთქვათ, გაჩეხილი ხე-ტყის სანაცვლოდ, იქ განაშენიანება ისევ მოახდინოს. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში… როცა ადგილზე ჩავედი, გზა უკვე გაკეთებული იყო. გეოლოგები მარაგების დათვლის მიზნით, სიღრმივი ბურღებით მუშაობდნენ. მათ გამოვკითხე ინფორმაცია. მითხრეს, რომ ნოსირში ცემენტის ქარხნის აშენებას აპირებენ, რომელიც აუცილებლად ყველა ტექნოლოგიის დაცვით აშენდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მტვერი არ გაიფანტოს და იგივე შედეგი არ მივიღოთ, რაც ადრეულ წლებში, კასპში. ამის შემდეგ გავარდა ხმა, თითქოს მიკითხავს, ეს მთა დარჩება თუ არა საერთოდ-თქო. არადა, ასეთი არაფერი ყოფილა. გეოლოგებმა მითხრეს, რომ პირველადი მონაცემებით, ეს კარიერი აკმაყოფილებდა იმ რაოდენობას, რომელიც კომპანიას ჭირდებოდა ცემენტის პერსპექტიული წარმოებისთვის. მითხრეს, რომ ლიცენზია უკვე გაცემული იყო. ძეგლებიდან 500-მეტრიანი რადიუსიც – დაცული… ანუ არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გამაჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც წამოვაყენეთ მოთხოვნა, სანამ არ დადგინდება, კირქვის მოპოვებას რა სიმძლავრის აფეთქებებით აწარმოებენ, მანამ აქ სამუშაოები არ დაიწყოს და ასეც იქნება.
– ანუ თქვენც იგივე ინფორმაცია გაქვთ, რომ აქ აფეთქებებს ვერ ავცდებით?
– დიახ, იქ ტრაქტორებით მუშაობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ – სანამ არ დაგვისაბუთებენ, შეგვითანხმებენ და გარანტიას არ მომცემენ, რომ იქ იქნება სუსტი მუხტების აფეთქება, ვიბრაცია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზარალდება, სამუშაოებს ვერავინ დაიწყებს!
– ანუ მთავარი აფეთქებების სიმძლავრეა, რამაც შესაძლოა, ნოქალაქევიც კი დააყენოს საფრთხის წინაშე?
– დიახ, ისეთი აფეთქებები არ უნდა აწარმოონ, ვიბრაციამ საფრთხე შეუქმნას კოტიანეთის ან სორტის ციხეს და მით უმეტეს, ნოქალაქევს. თქვენი ინფორმაციით, ჩოჩელი არის ლიცენზიის მფლობელი. მესმის, მას ბიზნესის კეთება უნდა და სახელმწიფომ ამაში ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არც მას შეეშალოს ხელი და არც ძეგლები, ეკოლოგია, მოსახლეობა დაზარალდეს. შეიძლება არაა კარგი გამოთქმა, არც მწვადი დავწვათ, არც შამფური, მაგრამ ამ ვითარებას და რეალობას, ზუსტად ესადაგება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, მუხტები შეგვითანხმონ და დავადგინოთ, რომ ვიბრაცია ძეგლებს არ დააზარალებს. გარწმუნებთ, სანამ შესაბამისი დასკვნა არ დაიდება, იქ აფეთქებებს ვერავინ დაიწყებს.
– მით უმეტეს, აქ უამრავი კარსტული მღვიმეა და მეცნიერების დასკვნით, აფეთქებებმა, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანოს.
– დიახ, სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი მესამეული ცარცული სისტემით. იცით, მაგალითად ჩხოროწყუში ვეშაპის ჩოჩნხი არსებობს, რომლისთვისაც ჯერ ხელი არ გვიხლია. როცა დაიწყო ვულკანური ამოფრქვევები ქანებმა, ეს ვეშაპიც ხმელეთზე აღმოჩნდა და განამარხდა. ეს დაახლოებით 70-80 მილიონი წლისწინანდელი ჩონჩხია. სამეგრელოში, ზოგადად, უამრავი ქვაბული და კარსტული მღვიმეა. ბევრ მათგანში მეც ვარ ჩასული. არ ვიცი, რა საფრთხე შეიქმნება, ამაზე დასკვნა ეკოლოგებმა და გარემოს დაცვის სააგენტომ უნდა დადონ.
– მესმის, ეს თქვენი პრეროგატივა არ არის, მაგრამ საინტერესოა, მსგავსი ლიცენზიის გაცემისას თქვენთან კოორდინირებული მუშაობა არ უნდა მოხდეს?
– რა თქმა უნდა… აჭარის ხეობაში დაზვერვებზე რომ ვიყავი, სადაც ბრიტანელები და ნორვეგიელები ახორციელებდნენ პროექტს, იქთიოლოგიას, თევზებისა და ბაყაყების მდგომარეობასაც კი სწავლობდნენ. არადა, ეს ეკოლოგიურად ერთ-ერთი სუფთა პროექტი იყო. ყოველთვის ასე უნდა ხდებოდეს. ჩვენი სააგენტოც უნდა ჩააყენონ საქმის კურსში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიც უნდა გადმოგვიგზავნონ და ჩვენც უნდა გადავუგზავნოთ ჩვენი კვლევა. კონტექსტური რუკა უნდა შედგეს, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობაც იქნება გათვალისწინებული, გეოლოგიაც და ეკოლოგიაც.
– ადგილობრივი პაატა მაჭავარიანი აცხადებს, რომ სამივე გორაკზე თიხის არტეფაქტები აღმოაჩინა და სახლში მინიმუზეუმი აქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტერიტორია, არქეოლოგიური თვალსაზრისით, შესასწავლია?
– პაატა მაჭავარიანს თიხის ნატეხები ამ გორაკებიდან არ აქვს. მთელი საბჭო მუშაობს სააგენტოში, რომ პროფესიონალ არქეოლოგებს, უზუსტესი ჯიპიესკოორდინატების დაფიქსირებით, არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვა გასცეს. გათხრებს თვითნებურად არავინ უნდა ატარებდეს. მე ვნახე ეს კერამიკები. ვუთხარი, მუზეუმში ჩაებარებინა, მაგრამ უარი თქვა. არადა ეს მისი კი არა, ერის საკუთრებაა. იმედია, ძალიან მალე მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექცია მიაკითხავს. აქ ნაოჭა მთებია გაყოლებაზე. კოტიანეთი და სორტა ერთმანეთთან დაკავშირებას პირველივე ბორცვზე აგებული პატარა ციხის მეგარნიზონეებით ახერხებდა. ამისთვის აშენდა ეს კოშკი, რომლისგანაც, ფაქტობრივად, აღარაფერია შემორჩენილი. სწორედ მის ახლომახლო იპოვა მაჭავარიანმა ეს ნატეხები. ამ ციხეს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ღირებულება არ აქვს.
– სამაგიეროდ, ნოქალაქევს აქვს… სხვათა შორის, გადელიას კარიერის დალუქვის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ სორტის ციხე თავის დროზე შხეფის ციხესა და ნოქალაქევს უკავშირდებოდა. მათ შორისაა ჩოჩელის კარიერი. რატომ არ მოიაზრება ეს ადგილი ამ არქეოლოგიურ კომპლექსში?
– ეგრისის სამეფოს თავდაცვის სისტემაა შხეფი, სორტა, კოტიანეთის ციხე, ნოქალაქევი, ჯოლევი და აბედათი… იმის იქით კიდევ სვანეთის ძირამდე მიდის, მაგრამ ეს საუბრის სხვა თემაა. გორაკი, რომელზეც ეს „ახალი კარიერია“, ამ კონტექსტისთვის საინტერესო არაა. ყველა ძეგლიდან 500-500-მეტრიანი რადიუსი დაცულია.
– ისე, თქვენი აზრით, ეროვნული კატეგორიის ძეგლის დასაცავად, 500-მეტრიანი რადიუსი საკმარისია თუ კანონიც გადასახედია ამ მიმართულებით?
– ზოგადად, დაცვის თვალსაზრისით ნორმალური რადიუსია, მაგრამ ასეთი არაორდინალური შემთხვევებისთვის – არა. გახსოვთ ეშერის ლაბორატორია, ავღანეთში მიწისძვრის გამოწვევა პატარ-პატარა ბიძგებით შეეძლოთ. ერთნაირი ინტენსივობის ბიძგებს, შეუძლია, რეზონანსში მოიყვანოს რხევები, რაც ნიშნავს, რომ მისი დამანგრეველი ძალა ერთი-ასად იზრდება. აქაც ანალოგიური ვითარებაა და ამიტომ ვამბობ, თუ მუხტებს ზომიერად არ შეარჩევენ, საფრთხე ნოქალაქებს კი არა, პირობითად, თბილისსაც შეიძლება შეექმნას. მთავარია, დადგინდეს მუხტები და მას არ გაცდნენ.
– მუხტებზე ჯერ საუბარი არაა, სამაგიეროდ, მგონი, მასშტაბებს გასცდებიან – ექსპერტების ვარაუდით, დაგეგმილი სიმძლავრის ქარხნის ოპერირებისთვის, ინვესტორები იძულებულნი გახდებიან, ლიცენზია გააგრძელონ და უფრო მეტი რაოდენობის კირქვის მოსაპოვებლად კარიერის მასშტაბი ისევე გაზარდონ, როგორც ეს კასპში მოხდა.
– თუ გაზრდაზე მიდგება საქმე, როგორც წინა კარიერი შევაჩერეთ, ისე გაჩერდება კოტიანეთისკენ მათი სვლაც! ძეგლთა დაცვის სააგენტოში, ამის გარანტად დადგეს, მანამ სანამ, სახელმწიფო არ გადაწყვეტს ამის აუცილებლობას. ხაზგასმით ვიმეორებ – მუხტების შეთანხმების გარეშე აფეთქებებს ვერ დაიწყებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინსპექტორები მაშინვე იქ გაჩნდებიან და საქმეს პოლიციას გადავცემთ. ვერც კარიერს გაზრდიან -იქით კოტიანეთის ციხეა, აქეთ სორტის ციხე. არ დავუშვებ, მათ საფრთხე შეექმნას. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მრეწველობის განვითარებას ვუშლი ხელს. ასეთი ჭორებიც გამივრცელეს. ეს იმდენად დიდი სისულელეა, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა.
– არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა განისაზღვროს და გარანტიები დაიდოს? მძლავრი აფეთქებები და კარიერის გაფართოება რომ დაიწყოს, მერე რა ბერკეტი გექნებათ მის შესაჩერებლად?
– ჩვენ შევეცდებით, ვამტკიცოთ, რომ ამის გაზრდა ძეგლების მიმართულებით არ შეიძლება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. უნდა განვსაზღვროთ, რა უფრო გვიღირს. თუ ეს ერთი კარიერი და ცემენტის ქარხანაა ქვეყნის აყვავების გარანტია, თუ სწორედ ეს პროექტი, „კოტიანეთის ციხის ხარჯზე“ გადააქცევს საქართველოს ლუქსემბურგად ან მონაკოდ, მაშინ პირველი ვიქნები, ვინც ამ ყველაფერზე ხელს მოაწერს. რა თქმა უნდა, ამას ირონიით ვამბობ – ვიცით, რომ ეს ერთი ქარხანა ქვეყანას ვერ ააყვავებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ძეგლები არ დაზარალდეს.
– კარიერზე აფეთქებებს რომ თავი დავანებოთ, კოტიანეთიდან ნოსირში რომ უნდა ზიდონ კირქვა, ეს არ შეუქმნის პრობლემას ნოქალაქევს, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით?
– ნოქალაქევის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. წარმოუდგენლად დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. ტურისტული თვალსაზრისით, არა მგონია, პრობლემა შეექმნას. კირქვა მტვრის სახით ხომ არ უნდა გადაზიდონ. ლოდებს წაიღებენ. აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ნოსირში რამდენად იქნება წარმოება დაცული. მოპოვება-გადამუშავების დროს მტვრის გაფრქვევა როგორ ავიცილოთ თავიდან, ესეც გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. არ უნდა დავუშვათ ისეთი წარმოების დაწყება, რომელიც მხოლოდ ტურისტებს კი არა, პირველ რიგში, მოსახლეობას შეუქმნის პრობლემებს. მით უმეტეს, ძალიან კარგად გვესმის, სადაც ცემენტს აწარმოებ, იქ კანცეროგენია, რომელიც ფილტვებში ილექება და ტუბერკულოზის, სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელია. ასე რომ, ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ყველა წვრილმანი წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, რათა ამ პროექტის განხორციელება, მოქალაქეების ჯანმრთელობის, გარემოსა და ძეგლების დაზარალების ხარჯზე არ დავუშვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები