რომელი დაავადებების გადამტანი კოღოები ბინადრობენ საქართველოში – “დასავლეთში „ზიკას“ გადმტანი კოღო ვიპოვეთ”
საქართველოში „ზიკასა“ და მალარიის გადამტანი კოღოები დაფიქსირდა. გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა და დაინტერესდა, კონკრეტულად რა დაავადებების გადამტანი კოღოები გვხვდება საქართველოში. მისი თქმით, მალარიის გადამტანი კოღოები საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის.
„საბედნიეროდ, მალარია არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 5-7 შემოდის მალარიით დაავადებული. დროულად ვპოულობთ და ალბათ, კოღოებიც არ არის საკმარისი რაოდენობის. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არ არის მალარია. უკვე რამდენი წელია არ გვქონია ადგილობრივი შემთხვევა. ჩვენ ვახდენთ პრევენციას. ბევრი რამ არის საჭირო, რომ მალარია გავრცელდეს. ბუნებაში მალარიის გადამდებ კოღოს ვერავინ გაწყვეტს, ამიტომ თუ ვინმე მალარიით მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას, დროზე უნდა ვიპოვოთ, რომ მისგან მალარია არავის გადაედოს. კაცი რომ ჩამოდის, ავად არის და სიცხე აქვს, თანაც იტყვის, რომ იმ ქვეყანაშია ნამყოფი, სადაც მალარიაა, ანალიზს გაუკეთებენ, დაუდგენენ მალარიას და მორჩა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორც იმნაძე გამოცემასთან საუბრისას ყვება, რაც შეეხება „ზიკას“ ვირუსს, მისი მტკიცებით, საქართველოში „ზიკას“ გადამტანი კოღო, პირველად ახლა არ დაფიქსირებულა.
„გვაქვს მონაცემები, რომ სამოცი წლის წინათ არის ნაპოვნი და 60 წლის შემდეგ, პირველად ვიპოვეთ 2014 წელს შავი ზღვისპირეთში, ოღონდ ძალიან ცოტა რაოდენობით და შეზღუდული ლოკაციების ადგილებზე. აჭარაში ერთ წერტილშია ნაპოვნი, სამეგრელოში ერთ წერტილშია ნაპოვნი 2014 წლიდან მოყოლებული. რადგან „ზიკას“ ვირუსისა და მალარიის გადამტანი კოღოც იყო ნაპოვნი, შავი ზღვისპირეთში, დაწყებული სარფიდან, დამთავრებული ანაკლიამდე, ჩატარდა ძალიან ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები. შარშანაც, წელსაც და კიდევ ერთი ტური ჩატარდება აგვისტოში, იმ მიზნით, რომ შემცირდეს როგორც მალარიის გადამტანი კოღო, ისე „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოების რაოდენობა. ძირითადად, მეორადი საბურავების საწყობები სადაც არის, იქ ვპოულობთ ხოლმე. იქ კარგად მრავლდებიან, საბურავებში წყალი ხომ დგება, წვიმა როცაა, ის წყალი სრულიად საკმარისია, რომ კოღო გამრავლდეს შიგნით და მესამე, საქართველოში გავრცელებული კოღოს გვარი კულექსი, რომლებიც ჩვენთან არიან და არანაირი დაავადება არ გადააქვთ.
საქართველო კლასიკური ქვეყანაა კოღოსი. მალარია ჩვენი ისტორიული დაავადებაა. ჩვენი ბუნებრივი პირობები ყოველთვის კარგი იყო კოღოსთვის. რამდენიმე წლის წინათ მოხერხდა ის, რომ მალარიის შემთხვევები აღარ გვაქვს და ქვეყანა უკვე სერტიფიცირებისთვის ემზადება, როგორც მალარიისგან თავისუფალი“,- აცხადებს გამოცემასთან საუბარში პაატა იმნაძე.
მისივე მტკიცებით, საქართველოში მალარიის დამარცხებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თევზ გამბუზიას.
„გამბუზია დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა გუბურაშია გავრცელებული. ეს თევზი ჭამს კოღოს ჭუპრებს და მატლებს პატარა ტბორებში, ამიტომ ამ თევზის გავრცელება კარგია. იგივე, აღმოსავლეთ საქართველოში არის ეს თევზი. გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ კუს ტბაზე არ გაუშვია ეს თევზი, რუსთავშიც გაუშვა. „ზიკას“ გადმტანი კოღო დასავლეთ საქართველოში გვაქვს ნაპოვნი, სულ ორ წერტილში-აჭარასა და სამეგრელოში. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით არ არის „ზიკას“ გადამტანი კოღო ნაპოვნი“,-აღნიშნა იმნაძემ.