პრემიერი: ქვეყანას შეემატა უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena

დღეს ჩვენ საქართველოში უნიკალური და მასშტაბური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეკვეთილში. ფონდ „ქართუს” მიერ Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტის აშენებით გაიზრდება ტურიზმი, შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტორების მოზიდვა. მისი თქმით, დარბაზი უკვე მზად არის იმისთვის, რომ უმასპინძლოს სტუმრებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ფონდ “ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და მის ქველმოქმედებას.
„დღეს ჩვენ საქართველოში უნიკალური და მასშტაბური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით. ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena”. ეს გახლავთ ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებული 200 მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი „ქართუ“ ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს, გადასცემს მას საკუთრებაში. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. ეს არის მისი სამშობლოს წინაშე ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო დიდი მადლიერება, განსაკუთრებით იმ იდეის გამო, რომ ასეთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენებულიყო.
პრაქტიკულად, ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შავიზღვისპირეთის ამ ნაწილისთვის. ასეთი მასშტაბური ობიექტის აშენებით გაიზრდება ტურიზმი, შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტორების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის და რაც მთავარია ეს მხარე შეძლებს ისარგებლოს ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლით, აღარაფერს ვამბობ დამატებით სამუშაო ადგილებზე, რომლებიც ასეთი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისას იქმნება. მარტო მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. როგორც ხედავთ, დარბაზი უკვე მზად არის იმისთვის, რომ უმასპინძლოს ჩვენს მოქალაქეებსა და უცხოელ სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი იქნება ძალიან მაღალი“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
“საკონცერტო დარბაზი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, გათვლილია 10 ათასამდე მაყურებელზე, დაპროექტებულია სრული უსაფრთხოების დაცვით, გათვალისწინებულია სტუმრებისათვის სრული კომფორტი და რაც მისასალმებელია, გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, არის მათთვის განკუთვნილი ადგილები, რისი პრეცედენტიც აქამდე არ გვქონია. დარბაზის სივრცე ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. დარბაზი მზად არის უმასპინძლოს, ნებისმიერ უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუ-პროგრამას“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები