Facebook Messenger-ში მიმოწერის დაშიფვრის ფუნქცია გამოჩნდება
წერილები, რომლებსაც Facebook-ზე აგზავნით, სულ მალე უკიდურესად დაცული იქნება მესამე მხარის მიერ „ცხვირის ჩაყოფისგან“ — კომპანია შიფრირების ახალ მახასიათებელს ნერგავს, რომელსაც „საიდუმლო საუბარი უწოდა“.
დაშიფრული მიმოწერის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეეძლება და ხშირ შემთხვევაში, მისი გაშიფვრა თავად Facebook-საც არ შეეძლება.
საიდუმლო დიალოგი ყველასათვის ერთდროულად არ გახდება ხელმისაწვდომი. Facebook-ის განცხადებით, მომხმარებელთა მცირე რაოდენობისთვის იგეგმება აპლიკაციის გამოშვება ბეტა-ტესტირების რეჟიმში, რის შემდეგაც, ზაფხულის მიწურულს, ის Facebook Messenger-ის ყველა მომხმარებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი.
მსგავს სერვისს უკვე იყენებენ სხვა სამესიჯო სერვისებიც, მაგალითად Facebook-ის კუთვნილი WhatsApp-ი, რომელმაც შიფრირება აპრილიდან დანერგა. ასევე Apple-ი თავის iMessages-ში და როგორც ცოტა ხნის წინ Google-მა განაცხადა, დაშიფვრას ისიც გამოიყენებს თავის ახალ სამესიჯო აპლიკაციაში Allo.
Facebook-ის შემთხვევაში, WhatsApp-ისგან განსხვავება ის იქნება, რომ დაშიფვრა არა საწყის რეჟიმში, არამედ არჩევით პარამეტრებში გამოჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი წერილები მხოლოდ „საიდუმლო საუბრის“ ფუნქციის ხელით გააქტიურების შემდეგ დაიშიფრება.
Facebook Messenger-ს თვეში 900 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და შესაბამისად, კომპანიის ეს ქმედება მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოებისკენ გადადგმული უზარმაზარი, გლობალური ნაბიჯი იქნება.
წყარო: http://1tv.ge/ge