„კუს ტბის მიდამოებში მალარიის, ანოფელესის, „ზიკას“ და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები არ გვხდება“

„კუს ტბის მიდამოებში მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი გამოვლენილი არ არის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი საქართველოს მასშტაბით მუდმივად ახორციელებს ენტომოლოგიურ მონიტორინგს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კუს ტბის მიდამოებში ასევე არ გვხვდება დენგეს, „ზიკას“ და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები.
გამბუზია (ლათ. Gambusia affinis) – თევზი კობრის კბილასნაირთა რიგის პეცილიისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,5-7,5 სმ. წლის ცხელ პერიოდში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-100 ან მეტი რაოდენობის ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა, დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითითა და საკუთარი ლიფსიტებითაც კი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა. ცოცხალმშობიარე თევზია. ის მალარიის წყალში მყოფი მატლების ბიოლოგიური მტერია. განსაკუთრებით აქტიურად იკვებება მალარიის გადამტანი კოღოს, ანოფელესის მატლებით. საქართველოში, ექიმ ნ. რუხაძის მიერ, სპეციალურად იქნა შემოყვანილი იტალიიდან 1925 წელს – მალარიოგენულ წყალსატევებში კოღოს მატლების გასანადგურებლად.
მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს გამბუზია მალარიის ჭუპრების გასანადგურებლად გაყვანილ და გაშვებულ იქნა აზერბაიჯანის მალარიოგენულ წყალსატევებშიც.
როგორც ყოფილი სსრკ მასშტაბით, ასევე ევროპის ქვეყნებშიც ეფექტურად გამოიყენებოდა მალარიის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში კოღოს საწინააღმდეგო ბიოლოგიური იარაღის სახით. საქართველოში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში მალარიის ელიმინაციის პროცესში ამ თევზმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გამბუზია ძალიან კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებას და გავრცელებულია პრაქტიკულად ყველგან, სადაც წყალსატევები ზამთარში არ იყინება. ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
კუს ტბა (ქორქის ტბა) – ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე დაახლოებით 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „საქართველოს მეთევზეთა კლუბის“ ერთობლივი ღონისძიების შედეგად – „ზიკას“ ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში თევზი გამბუზია გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები