დიდ დიღომში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტობაზას ააშენებენ

OLYMPUS DIGITAL CAMERA

თბილისში, დიდ დიღომში, ყოფილი ტელევიზორების ქარხნის ტერიტორიაზე, 6 ჰექტარი მიწის ფართობზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ავტობაზის მშენებლობა იგეგმება, სადაც სანტრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების სრულ ტესტირებას განახორციელებენ. თანამედროვე ავტობაზას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დაგი“ ააშენებს.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ექსპლუატაციის დირექტორმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ახალ ავტობაზაზე ასევე მწყობრში მოიყვანენ და მონიტორინგს ჩაუტარებენ, დედაქალაქში ამჟამად მოძრავ ძველ, მუნიციპალურ ავტობუსებს, სანამ მათ ახალი ავტობუსებით ჩაანაცვლებენ.
“10 წლის წინათ, როდესაც თბილისში ყვითელი ავტობუსები შემოიყვანეს, მათ კონსტრუქციაში არ იყო გათვალისწინებული კონდიცირების სისტემა. მოგვიანებით კონდიცირება დამონტაჟდა კიდეც, მაგრამ ვერ იმუშავა,”- აცხადებს მუმლაძე.
მისივე განმარტებით, დედაქალაქში მოძრავ ავტობუსების ტესტირებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია სისტემატურად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიას აქვს თავისი სერვისცენტრები, სადაც ყოველდღიურად მოწმდება ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა.
“დადგენილი წესია, რომ სანამ ავტობუსი მარშრუტზე გავა და დაქოქვის მომენტშიც, უნდა შემოწმდეს. დილის 5 საათიდან და ქალაქში გასვლის მომენტშიც, ტექნიკოსი ცალკე ამოწმებს, რამდენად მწყობრშია ავტობუსი ხაზზე მოძრაობისას. ამის გარეშე ავტობუსი არ იწყებს ხაზზე მუშაობს. თვეში ერთხელ ხდება ტესტირების წარდგენა, სადაც არის მითითებული ავტობუსის მდგომარეობა ტესტირების გავლის მომენტში შეესაბამება თუ არა დადგენილ ნორმებს და შესაძლებელია თუ არა მისი ექსპლუატირება,”- აცხადებს მუმლაძე.

“სითი კვირას” კითხვაზე, რა შემთხვევაში გამოყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი შავ გამონაბოლქვს და რატომ განაგრძობს ასეთი სატრანსპორტო საშუალება მგზავრების მომსახურებას? თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ შავი გამონაბოლქვის გამოტყორცნას მასობრივი ხასიათი არ აქვს და ამ თვალსაზრისით დედაქალაქში მოძრავ ტრანსპორტს შორის, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ავტობუსებია.
თუმცა, მუშაობის პროცესში, გადატვირთული საცობების დროს არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ავტობუსებს შავი ბოლი გამოუშვიათ. ეს ხდება მაშინ, თუ ძრავი დაზიანებულია, ან არ აქვს ჩამონტაჟებული კატალიზატორი.
“გარდა ამისა, თბილისში მოვიხმართ ბაქოს საწვავს და ძრავები, რომელიც ყვითელ ავტობუსებშია დამონტაჟებული, არ არის ევრო 5-ის, ან ევრო 6-ის შესაბამისი საწვავის მოხმარებაზე გათვლილი, ასეთი ხარისხის საწვავს კი დაბინძურებაც არ ახლავს,” – აცხადებს მუმლაძე.

წყარო:city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები