“მოვიდა დრო, როცა ბიზნესმენებს შოლტით აღარ მიერეკებიან პარტიულ ოფისში შემოწირულობის გასაკეთებლად”

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დეპუტატი გია ვოლსკი აფასებს.
ვოლსკის თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდა და ბიზნესმენები საკუთარი ნებით ახორციელებენ ამა თუ პარტიის სასარგებლოდ ფინანსურ გადარიცხვას.
„მთავარია, კანონი არ დაირღვეს, კომპანიებთან შეიძლება პარტიას არანაირი ურთიერთობაც არ ჰქონდეს, მაგრამ ბიზნესმენები აფასებდნენ იმას, რომ მოვიდა ის დრო, როცა მათ შოლტით აღარ მიერეკებიან პარტიულ ოფისში შემოწირულობის გასაკეთებლად, იგრძნეს სტაბილურობა, მხარდაჭერა, ზეწოლის არარსებობა, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისათვის და ინვესტიციები. ასე რომ მოულოდნელი არაფერი არ არის იმაში, რომ ბიზნესმენების ნაწილმა მხარი სწორედაც “ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული თვის მონაცემები გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, თბილისში პარტიების შემოწირულობის რაოდენობამ მთლიანობაში, 2 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც აქედან ყველაზე მეტი თანხა მმართველმა პარტიამ -„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობის საერთო ოდენობამ 1 მილიონ 28 ათას 42 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი შემომწირველი „ქართული ოცნებისთვის“ გახდა კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, რომელმაც პარტიის ანგარიშზე 120 ათასი ლარი გადარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები