ეკა მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს საზღვარი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტამბოლის ტერაქტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა არის საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას.
„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ამ მეგობრული ურთიერთობიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას“, -განაცხადა ეკა მიშველაძემ.
როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი.
„მაშინ როდესაც, ქართული სახელმწიფო და ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები, დაკავებულები არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ურთიერთბრალდებებით. მათ ავიწყდებათ, რომ აქვთ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია, რითიც ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები