ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებული 9600 აბიტურიენტიდან, 4,5% გამოცდაზე არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 4,5% გამოცდაზე არ გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ წუთებში, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდაერთივე საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 9600-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95.5%. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. ზოგადი უნარების გამოცდა, 4 სესიად, 4-5 ივლისს იმართება. გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტების სამი საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.
აბიტურიენტებმა უკვე მონაწილეობა მიიღეს, 1-2 ივლისს, ასევე ოთხ სესიად გამართულ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში.
დარჩენილ საგნებში, ეროვნული გამოცდების განრიგი ასეთია: 6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ინგლისური ენა. 6 ივლისი პირველი სესია – რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია – ფრანგული ენა. 7 ივლისი, მეორე სესია – რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია – გერმანული ენა. 12 ივლისი, მეორე სესია – სამოქალაქო განათლება. 14 ივლისი, პირველი სესია – მათემატიკა. 15 ივლისი, პირველი და მეორე სესია – გეოგრაფია. 18 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ისტორია. 19 ივლისი, პირველი სესია – ლიტერატურა. 20 ივლისი, პირველი სესია – ბიოლოგია. 21 ივლისი, პირველი სესია – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. 21 ივლისი, პირველი სესია – ქიმია. 22 ივლისი, პირველი სესია – ფიზიკა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები