„მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ხელისუფლების ხედვაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი, არ შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად საპარტნიორო ფონდი მუშაობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების მნიშვნელობას და განმარტა, რომ შედეგად ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; ასევე, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც. აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი – „კონტი ჯგუფი“, რომლის პრეზიდენტ კურტ კონტის საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა. „კონტი ჯგუფს“ შემუშავებული აქვს ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას ითვალისწინებს. „სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.