გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ არის სტრატეგიული

გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი ევროპულ პროცესში და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს პროცესი წარმატებული და პერსპექტიული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ არის სტრატეგიული.
„ჩვენ ვხედავთ დიდ შესაძლებლობებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და იმ ძალიან კარგი საწყისის გარღმავების პერსპექტივას, რომელიც უკვე ჩაყრილია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. მე ვარ ქვეყანაში, რომელიც იყო პირველი, რომელმაც 25 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც ორასი წელია ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და ამდიდრებენ ჩვენს კულტურას და ყოფას, ქვეყანაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივ განვითარებაში და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ, ასეთი ხანგრძლივი და სტაბილური მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის არის ძალიან საინტერესო ბიზნეს და სტრატეგიული პროექტები.
”გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი ევროპულ პროცესში და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს პროცესი წარმატებული და პერსპექტიული იყოს. საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებაში, ევროპის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაღრმავებაში და საქართველო მზად არის, ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე.
როდესაც საქმე შეეხება გლობალურ სტაბილურობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არასდროს შემოვიფარგლებით მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით, არამედ რეალურად ჩვენი კაცები და ქალები უნიფორმაში, თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ გლობალურ სტაბილურობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია ვიყოთ უაღრეესად ჩართულები და აქტიურები ევროპულ პროცესში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
„მიხარია, რომ ჩვენ ვხედავთ ერთმანეთში მეგობრებს. მე ვიქნები მოხარული, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ჩამობრძანდებით ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი ძალიან მოხარული იქნება, თუ ჩამობრძანდებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები