გერმანული ბანკი (KFW) საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიაზე 8,2 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანულ საკონსულტაციო ჯგუფს (GFA) შორის ხვალ ხელშეკრულება გაფორმდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიაზე 8,2 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულებას, რომელიც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და გერმანული საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი დევიდ ვაჰაბი მოაწერენ ხელს. 8,2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება. ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია კინტრიშის, ალგეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების გაძლიერება. დაგეგმილია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნა. პროექტით გათვალისწინებულია, მაღალი სტანდარტის მენეჯმენტის გეგმების შემუშავება, ეკო-ტურისტული ბილიკების, ღამის სათევებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობა, დაცული ტერიტორიების დემარკაცია (საზღვრების დადგენა), ადმინისტრაციული შენობების აშენება და მათი აღჭურვა, ბიომონიტორინგის სისტემის შექმნა და ადგილობრივი კადრებისთვის ტრენინგების ჩატარება. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.