“ჩვენს რეალობაში, პოლიტიკური პარტიების საქმიანობიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ნაკლებად აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას”

ძნელად მოიძებნება ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ამდენი პოლიტიკური პარტია რომ გააჩნდეს. გარდამავალ პოლიტიკურ სისტემებში პოლიტიკური დემოკრატიის განვითარებასა და სრულყოფაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენს რეალობაში, პოლიტიკური პარტიების საქმიანობიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ნაკლებად აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. ზოგადად, პოლიტიკური პარტია არის გარკვეული სოციალური ინტერესებისა და იდეოლოგიური ერთიანობის საფუძველზე წარმოშობილი ადამიანთა ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მიმართულია პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური ხელისუფლების მოპოვების, ან მასში მონაწილეობისაკენ. ამ პრიზმაში უნდა დავინახოთ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების აქტივობები. შევეხები რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. ისეთებს, როგორიცაა პოლიტიკური ღირებულებები, პოლიტიკური წესრიგი, პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური ფსიქოლოგიური ფაქტორები.
პოლიტიკური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, მხოლოდ პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური ნორმების დაუცველობაზე არაა დამოკიდებული.
ახლად შექმნილ ქართულ რეალობაში გამარჯვებული და დამარცხებული პოლიტიკური ძალა, როგორც წესი, განფენილია პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკური სისტემის ნაწილებია: პოლიტიკური ინსტიტუტები (სახელმწიფო, მისი უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოები), საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც განსაზღვრავს ამ პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების პირობებს, შესაძლებლობებს და საზღვრებს.
მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური ინსტიტუტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ნორმებისა და ღირებულებების ერთობლიობით, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ ვერ ახერხებს ჩვენს რეალობაში პოლიტიკური სუბიექტების ნორმალურ ურთიერთობებს.
წინააღმდეგობები, იმ ფორმით, რომელიც ვითარდება, ან შეიძლება განვითარდეს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფს შორის – საზოგადოებასა და სახელმწიფოს, სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის – იმ ძალებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ხელისუფლებას, სერიოზული გამოწვევებია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის.
– და მაინც, რაშია პრობლემა? იქნებ ეს ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობებია, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ქვეყანას?

– 2012 წელს დამარცხებულმა ძალამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მოახერხა შეექმნა განწყობა, რომ პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთობის პრობლემები პოლიტიკური კულტურის არქონასა და გამარჯვებული ძალის მხრიდან პოლიტიკური ნორმების დაუცველობაშია. მაგრამ მიზეზები გაცილებით ღრმაა და სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია თავისი სტრუქტურითა და ტიპებით, მათ შორის პოლიტიკური ცნობიერებით, იდეოლოგიით, პოლიტიკური საშუალებებით, პოლიტიკური ღირებულებებით, პოლიტიკური ნორმებით და ა.შ.

ჩემი ზრით, პრობლემა არა ზოგადპოლიტიკურ კულტურაში, ან პოლიტიკურ ნორმებშია, არამედ პოლიტიკურ სისტემაში, ერთი მხრივ, ერთ-ერთი სუბიექტის, დამარცხებული პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ღირებულებების მსხვრევაში. ხოლო, მეორე მხრივ, 2012 წელს გამარჯვებულმა ძალამ ვერ შექმნა თავისი პოლიტიკური ღირებულებები. პოლიტიკური ღირებულებები კი პოლიტიკური ცხოვრების, კულტურის მოტივირებული ბაზისია. მისი დეგრადაცია, ან ამოწურვა მთაავრდება მისი მსხვრევით.
ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკურ კულტურას არ შესწევს უნარი, დაარეგულიროს ადამიანთა ქცევა და იწყება ღირებულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციების სხვა ახალი სისტემების ინტენსიური ძიება. ასეთი გამოწვევის წინაშეა დღევანდელი ქართული პოლიტიკური სისტემა და პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური ნორმების დაცვით გადაწყვეტა, რომელსაც მხოლოდ შესაბამის პირობებში შეუძლია ადამიანთა, სოციალური ჯგუფებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების თანამშრომლობა, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად ხერხდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ღირებულებების იდეოლოგიური კონსტრუქციის რესურსი ქართული პოლიტიკური სისტემის ორ მთავარ სუბიექტს – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ სახით მიზეზთა და მიზეზთა გამო პრაქტიკულად აღარ გააჩნიათ. შანსი აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ შედეგების მისაღწევად მოკლე დროში ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს.

ყურადღებას გავამახვილებდი პილიტიკურ პროცესში პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ჩვენს რეალობაში ეს უფრო აქტუალურია, ვიდრე პოლიტიკური პარტიების პროგრამები. ზოგადად, პოლიტიკური ფსიქოლოგია პოლიტიკური ცნობიერების მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია და მისი ზეგავლენა საერთო პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკური სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე ძალზე დიდია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკური ფსიქოლოგია არის ინდივიდის, ელექტორატის, სოციალური ჯგუფისა და პოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკური ინტერესებისა და მოტივაციების საფუძველზე წარმოშობილი განწყობილებების, ემოციების, გრძნობების, ტემპერამენტისა და პოლიტიკური აზრების ერთობლიობა, რომელიც დიდ როლს ასრულებს პოლიტიკური ცნობიერებისა და პროცესებში ადამიანთა პოლიტიკური მონაწილეობის ფორმების ჩამოყალიბებაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასა და პოლიტიკურ კულტურაში პოლიტიკური ფსიქოლოგიის როლი განსაკუთრებულია. თუკი აღნიშნულს დავუმატებთ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს (აღნიშნული გამოცდილება დამოუკიდებლობის 25-წლიანი პერიოდში საკმაოდ დაგვიგროვდა), პოლიტიკურ ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა პოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო იზრდება.
აუცილებლად უნდა შევეხოთ პოლიტიკური წესრიგის საკითხსაც. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა წესრიგმა პოლიტიკური სისტემის შიგნით უნდა გამორიცხოს შემთხვევითი მოვლენები. იქ, სადაც არ არის სტაბილურობა და პოლიტიკური წესრიგი, ძლიერდება შემთხვევითი ფაქტორების მოქმედება, პოლიტიკური ხელისუფლება კარგავს ავტორიტეტს, პოლიტიკაში იჭრებიან არაპროფესიონალები და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებულ პოლიტიკურ ველში მოქმედი ძირითადი სუბიექტები პროვოცირებას უკეთებენ პოლიტიკური წესრიგისათვის არასასურველ პროცესებს. კორცხელის ინციდენტში მონაწილეთა უკან მდგომი პოლიტიკური სუბიექტების მოქმედება აღნიშნულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, სახეზეა პროვოცირება, მიმართული იმისაკენ, რომ გაამწვავოს პოლიტიკურ ძალებს შორის წინააღმდეგობა და ხელი შეუშალოს, ფართო გაგებით, ეროვნულ – სახელმწიფოებრივ კონსოლიდაციას და თანხმობას.
დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში უკვე წლებია გამოიკვეთა პოლიტიკური ელიტა და კონტრელიტა, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს კონფლიქტის ველში, თუმცა საზოგადოების მოთხოვნების საფუძველზე, კვალობაზე, ჩნდება პოლიტიკური ძალები, თუნდაც საზოგადოებრივი მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლებიც აყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, მიმართულს პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებისაკენ, კონსესუსის მიღწევის მეთოდებსა და შესაძლებლობებს (თუნდაც მედიასაშუალებებთან მიმართებაში). ფართო გაგებით, ეს ყველაფერი ეფუძნება უფრო მნიშვნელოვან მიზანს, მიმართულს პოლიტიკური სისტემის მდგრადობისაკენ, პოლიტიკური წესრიგის უზრუნველყოფისაკენ, რაც საფუძველი უნდა გახდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანხმობისაკენ, მათ შორის საქართველოებად დაშლილ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.
პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს პოლიტიკური ლიდერისა და პოლიტიკური ელიტის შერჩევა. პოლიტიკურ ხელისუფლებაში მონაწილეობისას, ან მისი მოპოვებისას პოლიტიკურმა პარტიამ თავისი რიგებიდან უნდა შეარჩიოს კომპეტენტური და პროფესიონალური კადრები, ხელმძღვანელები, ლიდერები, რომლებიც მოცემულ პოლიტიკურ მომენტში თავისი ინდივიდუალური მონაცემებით აუცილებელნი და საჭირონი არიან. თუკი გადავავლებთ თვალს პოლიტიკურ სპექტრს იმის შესაფასებლად, რამდენად გააჩნიათ მათ ასეთი რესურსი, არ იკითხება, რომ ასეთი რესურსი ერთ კონკრეტულად აღებულ პოლიტიკურ ძალას გააჩნდეს. მომავალ არჩევნებზე მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები წარმატების მისაღწევ-გასაღებად ვერ გამოდგებიან. საჭიროა პოლიტიკური ელიტის წარმოჩენა. ასეთი რესურსი ერთ ცალკე აღებულ პარტიაში ნაკლებად მოიაზრება. იკითხება სცენარი, რომ წინასაარჩევნოდ მსგავს იდეოლოგიურ კონსტრუქციაში მყოფი პოლიტიკური ძალები რაღაც ფორმით გაერთიანდნენ.

ბესიკ ობოლაძე,

ანალიტიკოსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები