რელიგია საჯარო სკოლებში – ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები სასწავლო დაწესებულებებში
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” სკოლებში რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევები შეისწავლა. როგორც კვლევის ავტორმა და ცენტრის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ „კვირას“ განუცხადა, საჯარო სკოლებში რელიგიური თავისუფლების დაცვის სტანდარტები ხშირად ირღვევა, რაც, მისი თქმით, არამართლმადიდებელი მოსწავლეების მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებში გამოიხატება. ღვინიანიძის აზრით, პრობლემის ნაწილია სახელმძღვანელოებიც, სკოლის სახელმძღვანელოებშიც პრობლემაა და ისტორიის წიგნში ხშირად მართლმადიდებლური ელემენტები გვხდება. მისივე განმარტებით, უნდა დაიხვეწოს სახელმძღვანელოები, რომლებიც, მათი ორგანიზაციის მოსაზრებით, რელიგიური უმცირესობების უარყოფითად წარმოჩენას უწყობს ხელს, რადგან სახელმძღვანელოებში სათანადოდ არ ჩანს სხვა რელიგიური ჯგუფები მართლმადიდებლობის გარდა.
„ამ კვლევის ჩატარების ერთ-ერთი მოტივაცია იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადებული დასკვნა, სადაც ერთ-ერთ პრობლემად სკოლებში რელიგიური დისკრიმინაცია იყო დასახელებული. რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები დაფიქსირდა სამთაწყაროში, წინწყაროში… სკოლა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რელიგიურ კონფლიქტებში. ჩვენ საკანონმდებლო ბაზასთან ერთად ის ისტორიის სახელმძღვანელოები შევისწავლეთ, რომლითაც დღეს ისტორია ისწავლება. აუცილებელია დაიხვეწოს სახელმძღვანელოები, რომლებიც, ჩვენი მოსაზრებით, რელიგიური უმცირესობების უარყოფითად წარმოჩენას უწყობს ხელს. სახელმძღვანელოებში სათანადოდ არ ჩანს სხვა რელიგიური ჯგუფები გარდა მართლმადიდებლობისა. ჩვენ შევისწავლეთ რვა სკოლა, რომელიც, რა თქმა უნდა, განზოგადების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ამ კვლევამ ძალიან მძიმე ტენდენციები გვაჩვენა. ხშირად დისკრიმინაცია ვლინდება, რაც კოლექტიური ლოცვის სახით გვხვდება. ეს დაუშვებელია დღევანდელი კანონმდებლობით. მასწავლებლები ასევე ყვებიან შემთხვევებს, რის გამოც სხვა რელიგიის წარმომადგენელი ბავშვები აშკარად მარგინალიზებული არიან. ამ დროს ბავშვები უარს აცხადებენ, ჩაერთონ გაკვეთილში იმიტომ, რომ მათთვის მიუღებელია ის შინაარსი, რომელიც გაკვეთილზე ვრცელდება. მით უმეტეს, რომ ეს არ არის რელიგიის გაკვეთილები. ესაა, ისტორიის, ქართულის ან სამოქალაქო განათლების გაკვეთილები. მასწავლებლები ღიად ავლენენ და ასახავენ საკუთარ დამოკიდებულებას მართლმადიდებლობის მიმართ და საუბრობენ, თუ რა უპირატესობა აქვს მართლმადიდებლობას სხვა რელიგიებთან შედარებით“,- განაცხადა ლინა ღვინიაშვილმა.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა სკოლების ინფრასტრუქტურაში მდგომარეობს, რადგან, როგორც ღვინიაშვილმა განმარტა, სკოლებში გამოფენილია რელიგიური სიმბოლიკა, რაც სხვა რელიგიის აღმსარებლებს დისკრიმინაციულ სიტუაციაში ამყოფებს. იმის მიუხედავად, რომ სკოლებში სხვა აღმსარებლობის აღსაზრდელებიც სწავლობენ, როგორც ღვინიაშვილმა „კვირას“ განუმარტა, ქრისტიანული სიმბოლიკების გამო დისკომფორტი არცერთ მშობელსა და მოსწავლეს არ შექმნია და ამასთან დაკავშირებით არც უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის და არც სამინისტროსთვის არავის მიუმართავს. მისი თქმით, ორგანიზაციამ კვლევა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ჩაატარა. „ასევე პრობლემაა სკოლების ინფრასტრუქტურა, სკოლებში გამოფენილია რელიგიური სიმბოლიკა“,- განაცხადა ლინა ღვინიაშვილმა.
„კვირა“: „თუ ყოფილა რაიმე შემთხვევა, რომ ქრისტიანულ სიმბოლიკებს გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ სხვა აღმსარებლობის ადამიანებისთვის, რომელიმე მოსწავლეს ან მის მშობელს თქვენთვის ოდესმე განცხადებით ან აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიით თუ მოუმართავს?
„ არა. ჩვენთან არანაირი განცხადება და საჩივარი არ შემოსულა. არ გამოუთქვამთ რაიმე პრეტენზია მოსწავლეს ან მის მშობელს. ეს იყო კვლევა, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ და ყველანაირი მომართვის გარეშე ჩავატარეთ. ისე კი, რაც შეეხება მომართვიანობას, ჩვენ შევხვდით სხვადასხვა რელიგური ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, თუმცა მათი რაიმე მიმართვიანობა, მათ შორის განათლების სამინისტროსადმი, არის ძალიან დაბალი. მათ შორის ომბუდსმენსაც კი ძალიან იშვიათად მიმართავენ მოსწავლეები და მშობლები. ეს საკითხი განათლების სამინისტროს მხრიდან კარგად შესწავლილი არ არის. 15 განცხადება იყო შესული ინსპექტირების სამსახურში და თითქმის ყველა მათგანი რეაგირების გარეშე დარჩა“,- განაცხადა ლინა ღვინიაშვილმა.
„კვირა“: „ქალბატონო ლინა, რომელ წელს შევიდა განცხადება განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურში და რომელ წელს მოიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ის დასკვნა, სადაც სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზეა საუბარი?
„ სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ზუსტად რომელ წელს შევიდა განაცხადება, მაგრამ რომ შევიდა და არ მოახდინეს სათანადო რეაგირება, ეს ვიცი. დეპარტამენტის დასკვნას რაც შეეხება, ბევრი დასკვნა შევისწავლე და ზუსტად რომელი წლისაა, ვერ ვიხსენებ. არა მგონია, ეს დასკვნა 2013 წლის ყოფილიყო. უფრო ალბათ ეს 2009 ან 2010 წელს მოიცავდა“, – განაცხადა ლინა ღვინიაშვილმა. ლინა ღვინიაშვილი ორგანიზაციის სახელით განათლების სამინისტროს რეკომენდაციითაც მიმართავს. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ უნდა დაინახოს პრობლემები იმ მასშტაბებით, როგორც არის და აღნიშნული საკითხები შეისწავლოს. ღვინიაშვილის განმარტებით, სამინისტრომ რელიგიის თავისუფლების დარღევისთვის რეაგირების სათანადო პრაქტიკა უნდა დანერგოს, რადგან, მისი თქმით, კანონში ჩადებული ნორმების პრაქტიკაში აღსრულება ვერ ხდება. სკოლებში დისკრიმინაციის საკითხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სკოლა აბსულუტურად თავისუფალია პოლიტიკისა და რელიგიისაგან. რაც შეეხება საჩივრებს, ასათიანის განცხადებით, 2013 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროში მხოლოდ ექვსი პრეტენზია შევიდა, რაზეც, თავის მხრივ, სამინისტრომ დაუყონვებლივ მოახდინა რეაგირება.
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 6 საჩივარი შემოვიდა და ექვსივეზე გვქონდა რეაგირება. სამინისტრომ ძალიან მკაფიო და ნათელი ინსტრუქცია გასცა სკოლების მიმართ, რომ ყველა სკოლა რელიგიისგან და პოლიტიკისგან თავისუფალი და ბავშვის ყველა უფლება დაცული უნდა იყოს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში სპეციალური მუხლია ჩადებული, რის აღსრულების მონიტორინგსაც სამინისტრო რესურს-ცენტრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. სკოლებში აბსულუტურად ნორმალური გარემოა და ყველა აღმსარებლობის ადამიანის რელიგიური უფლებებია დაცული“,- განაცხადა ნატა ასათიანმა.
ასათიანის თქმით, არა მხოლოდ საჩივრის, არამედ ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე მონიტორინგის სამსახური ყოველთვის იძიებს ფაქტს და არცერთ შემოსულ ინფორმაციას, როდესაც საქმე სკოლაში პოლიტიკურ და რელიგიურ ჩარევას ეხება, რეაგირების გარეშე არ ტოვებს.
ცირა შერგელაშვილი