რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ტერორიზმი დარტყმას რწმენისა და ღირებულებების მიუხედავად ახორციელებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გაააქტიურებს. ამის შესახებ ერდოღანმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა დაგმო ტერორისტების ქმედებები, რომლებმაც რამადანის დროს უდანაშაულო ადამიანები დახოცეს.
“წმინდა თვე რამადანის დროს განხორციელებული ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორიზმი დარტყმას რწმენისა და ღირებულებების მიუხედავად ახორციელებს. ვიმედოვნებ, სტამბოლში მომხდარი ტერაქტი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაწილეობით ერთობლივ ანტიტერორისტულ ბრძოლაში გარდატეხას შეიტანს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ცოტა ხანში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, სამი თვითმკვლელის თავდასხმას ათათურქის აეროპორტზე 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 147 ადამიანი.