Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა ტერაქტის დროს ჰაერში იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ავიკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის დროით 23:00 საათზე გაფრინდა – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგე უფროსმა გიორგი გურგენაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, Turkish Airlines-ის ხომალდი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში გაფრენიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ უნდა დაფრენილოყო. როგორც „კვირას“ გურგენაძემ განუცხადა, ავიალაინერი, სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს ჰაერში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, აეროპორტში მინიმუმ ორი აფეთქება მოხდა, ისმოდა სროლის ხმაც. ათათურქის აეროპორტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ადგილზე მუშაობს პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები.