სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ივლისიდან დაიწყებს მუშაობას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლოებში საქმეების ელექტრონული წესით განაწილებისთვის სპეციალური ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომენტარს აკეთებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტში ვერ შედგა კონსენსუსი ორ მუხლთან დაკავშირებით და მესამე ტალღის მართლმსაჯულების რეფორმის მესამე კენჭისყრა გადაიდო სექტემბრისთვის.  აქედან გამომდინარე, მე და ქალბატონ ნინო გვენეტაძეს გვქონდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ არ დაველოდოთ ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და უკვე ამ თვის განმავლობაში  შევქმნათ ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომლის შექმნასაც ეს კანონპროექტი დაგვავალდებულებდა, კანონად რომ ქცეულიყო“, − აღნიშნა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, საერთო სასამართლოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უკვე არსებულ სისტემებს შეისწავლის. ჯგუფი საჭიროებების ანალიზს გააკეთებს და ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დანერგავს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპს.
„თარიღების დადასტურება − იქნება ეს სექტემბერი, ოქტომბერი თუ მოგვიანებით, ჩვენ ახლა არ შეგვიძლია, რადგან ჯერ არ ვიცით, საერთო სასამართლოებში ამ მხრივ რა მდგომარეობაა. მე მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩემი ბრძანებით დამტკიცდება, ქალბატონ ნინოსთან და სასამართლო კორპუსთან შეთანხმებით, უკვე ივლისიდან დაიწყებს მუშაობას და შემოდგომაზე გარკვეული პირველი შედეგები უნდა გვქონდეს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები