პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების საჯაროდ განხილვამ შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარს აღარ გააკეთებს, რადგან ამ საკითხების საჯარო განხილვამ შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზარალოს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელმაც გამოსცა ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამომწურავად უპასუხეს ამ თემას, მედიის ინტერესი მაინც დიდია. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ჩვენ მეტ საჯარო კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში წინ არის ვარშავის სამიტი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სამიტზე პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება და მისი აზრით, ამ საკითხების საჯაროდ განხილვამ შესაძლოა, დააზარალოს ქვეყნის ინტერესები. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს სასურველია პირველ რიგში ყველა გამოვიდეს სახელმწიფო ინტერესებიდან“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ეკა მიშველაძე ასევე გამოეხმაურა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა თინა ხიდაშელთან ერთად გახსნა. ეკა მიშველაძის თქმით, ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება უელსის სამიტის კონცეფციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს „მეტ ნატოს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატოში“.
„ეს სკოლა იქმნება იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა დავამუშაოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ეს სასწავლებელი საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის კიდევ ერთი დამაკავშირებელი კომპონენტია“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები