თემურ ჭკუასელი შოთა ხიზანიშვილის დაკავებაზე – თუ ადამიანს დანაშაული დაუმტკიცდა, უნდა იცოდეს, რომ სასჯელს ვერ გაექცევა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში შს ყოფილი მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსმენების საკითხი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
მისივე განცხადებით, თუ ადამიანს სასჯელი დაუმტკიცდა, მან უნდა იცოდეს, რომ სასჯელს ვერ გაექცევა.
“ბატონ შოთა ხიზანიშვილს ხშირად ვხედავდით, როდესაც მედიის მეშვეობით იმ რეჟიმს ამართლებდა. მოსმენების თემა, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო, თუმცა მე მახსოვს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როგორ ისმინებოდა ტელეფონები, ეს აბსოლუტურად ყველამ იცოდა, მაგრამ იმ პერიოდში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვიცინოდით კიდეც, ვაკაკნუნებდით ტელეფონებზე და ერთი ამბავი იყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. გახსოვთ დიდი აჟიოტაჟი და შეურიგებლობა, მგონია, რომ კარგია, რომ საზოგადოება ასე იქცევა. მოსმენა მიუღებელია. სამწუხაროდ, დღემდე ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოების ნაწილისთვის დანაშაულისთვის პასუხისგება ძნელად აღსაქმელია. ბევრი ამბობს დღეს საქართველოში – მერე რა მოხდაო, მაგრამ არ არის ასე, რადგან თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დაუმტკიცდა, მან უნდა იცოდეს, რომ სასჯელს ვერ გაექცევა. ჩვენი საზოგადოება საქართველოში ჯანმრთელი მაშინ იქნება, როდესაც ამას ყველა გააცნობიერებს“,- განაცხადა ჭკუასელმა.