პრემიერი ჯარში გაწვევის თემაზე: როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათშორისი ტექნიკური მომზადება
როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათშორისი ტექნიკური მომზადება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. რაც შეეხება გაწვევის გაუქმების საკითხის ნატოს მოთხოვნებთან დაკავშირებას, გიორგი გვირიკაშვილი განმარტავს, რომ მიმართულება, რომლის თანახმად, საქართველოში, შემდგომი იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, საყოველთაო გაწვევა უნდა გაუქმდეს, სააკაშვილის დროს იყო მიღებული, თუმცა მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება.
მისი თქმით, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტრო.
„ასევე, ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტინგენტზე ამბობს.
მეორე მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საკითხისგან დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არ არის და ვფიქრობ, ის სამუშაო რეჟიმშია გადასატანი.
რაც შეეხება ვარშავის სამიტს, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტისთვის ამ საკითხის სამუშაო რეჟიმში გადაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.
“ჩვენი მოთხოვნაა იმ არსებითი პაკეტის გაფართოება, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსგან. ამ საკითხის მოსწრება ვარშავის სამიტამდე, ჩემი აზრით, არანაირ კრიტიკულ მნიშვნელობას არ ატარებს. ვფიქრობ, დამშვიდებულ რეჟიმში არის გასავლელი ეს გადაწყვეტილება და არანაირი სიჩქარე საჭირო არ არის”, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ,რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.