კახა კალაძე: სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს. კალაძე მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები განხილული უნდა იყოს როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში.
,,რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კონკრეტულად მინისტრები იღებენ, არის გარკვეული თემები, რომლებზეც მინისტრებმა შეიძლება გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღონ, თუმცა არის თემები, მაგალითად, ისეთი, რაც ჯარში სავალდებულო გაწვევას ეხება, ვფიქრობ, რომ ერთპიროვნულად ამის გადაწყვეტილება არ უნდა ხდებოდეს. გუშინ პრემიერმა და პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. მე მათ განცხადებებს ვუერთდები – ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.