ხიდაშელი სესიაშვილზე: მას მიაჩნია, რომ 7 ლარად 18 წლის ბიჭის „ყარაულში” დგომა ღირსეული საქციელია სახელმწიფოს მხრიდან
მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„მესმის ზოგიერთი ადამიანის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ზოგიერთის კი – არა. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ფუნდამენტურად და ფილოსოფიურად ეწინააღმდეგებიან მოწვევის გაუქმებას. მათ მიაჩნიათ და სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომ 7 ლარად ”ყარაულში” დგომა 18 წლის ბიჭის არის ღირსული საქციელი სახელმწიფოს მხრიდან. მე ასე არ ვთვლი და ეს ჩვენს შორის ფუნდამენტური სხვაობაა. ის გულწრფელია, როცა გაბრაზებულია. სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხედვის აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. სხვადასხვა მხარეს ვართ ამ ამბის გაგებაში. მას არ ესმის, როგორ შეიძლება, რომ 7 ლარად არ ამუშავო ახალგაზრდა კაცი ”ყარაულში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ, მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.