კალამში ნაპოვნი სიურეალიზმი და ადამიანი, რომელიც მხატვრობით ღმერთებს ესაუბრება
იმ ქაოსურ სამყაროში, სადაც ადამიანების უმეტესობა ერთმანეთის მსგავსია, რთულია ისეთი ხელოვანის პოვნა, რომელიც არავის ბაძავს და მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის. ახალგაზრდა მხატვრის, გოჩა მეძმარიაშვილის მხატვრობას, საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ვერ აღიქვამდა, რადგანაც მათთვის, ვინც უმეტესად ფუნჯით შესრულებულ ნამუშევრებს უცქერდა, კალმით შესრულებული მხატვრობა ცოტა არ იყოს რთულად გასაგები იყო, თუმცა, “კვირას” დღევანდელი რესპონდენტი ამბობს, რომ ეს მას არ აშინებს, რადგანაც მისი მხატვრობით ის ღმერთებს ესაუბრება. საზოგადოებასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მხატვარი გახდება.
– იშვიათია, რომ კალმის მეშვეობით ადამიანი ასეთი ხარისხის და ასეთი ტიპის ნახატებს ასრულებდეს, თუმცა საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც კალამი და არა, მაგალითად, ფუნჯი?
– ვერ გეტყვით, რატომ, კალმით ხატვა, თავისთავად მოხდა. განწყობა ხომ შინაგანად ექმნება ადამიანს. ასეთი ნახატების უმეტესობა შავ ფერშია შესრულებული. სიმართლე გითხრათ, კალმით ტილოზე მუშაობა, საკმაოდ შრომატევადია და მეტ კონკრეტიკას მოითოვს მხატვრისგან. როდესაც ფერადი ნახატების შექმნა მომინდა ,აი მაშინ უკვე ზეთზე მუშაობაც დავიწყე.
– ის, რასაც კალმით ხატავდით, განსხვავებული იყო იმისგან, რასაც ახლა ქმნით?
– ძირითადად, ეს ალბათ სიურეალიზმი იყო, თუმცა ვერ გეტყვით ასე კონკრეტულად, გააჩნია შინაგან ბუნებას და განწყობას, ეს ყველაფერი ხომ შინაგანად მოდის, პორტრეტები, პეიზაჟები.
– კალმით შესრულებული ნამუშევრების საზოგადებისთვის აღქმა რთული არ იყო, ისინი ალბათ უფრო სტანდარტულ ნამუშევრებს არიან შეჩვეულნი.
– სიმართლე გითხრათ, მაშინ, როდესაც კალამზე ვმუშობდი, არცერთი ნამუშევარი არ გამიყიდია, თუმცა მცდელობა ნამდვილად მქონდა. მართალი ბრძანდებით, ეს ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ არასტანდარტული მეთოდიკით ვმუშობდი.
– გქონიათ თქვენს პროფესიასთან დაკავშირებული რაიმე იმედგაცრუება?
– დიახ, ეს შემთხვევა არც ისე კარგად მახსენდება, ერთხელაც ჩემი ნამუშევრის შეძენა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ადამიანმა გადაწყვიტა, შეკვეთა არ ყოფილა, ჩემი ნამუშევარი იხილა და ყიდვა გადაწყვიტა, არადა ამ ნახატზე რამდენიმე თვე ვმუშაობდი. სამწუხაროდ, მაშინ შეიცვალა ყველაფერი, როდესაც ნახატი შეფუთული იყო, მის საზღვარგარეთ გაგზავნას ვაპირებდი.
– კალმით მუშაობა რა დროს მოითოვდა?
– ვერ გეტყით, რომ ნახატის შესაქმნელად რაიმე კონკრეტული დროა საჭირო, განწყობას და ბევრ სხვა გარემოებას გააჩნია, შესაძლოა, ერთი საათი დამჭირდეს, შესაძლოა, 3-4 თვე.
– რა არის თქვენთვის საჭირო განწყობის შესაქმნელად?
– სიყვარული და დადებითი განწყობა…
– თქვენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის – მხატვრობა?
– არა, სამწუხაროდ, ახლა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. რაღაც დროის მანძილზე სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი, დიზაინს ვქმნიდი, თუმცა ახლა – აღარ. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ნამუშევრები საზოგადოებამდეც მიაღწევს, თუ ხალხი კარგად გამიცნობს, ალბათ შეკვეთების სურვილიც გაუჩნდება. სიამოვნებით შევასრულებ შეკვეთებსაც.
– თქვენი, როგორც მხატვრის, ყველაზე დიდი მიზანი რა არის?
– ძალიან მინდა, რომ საზოგადოებამ უკეთ გამიცნოს, მინდა, რომ ჩემი ნახატები პოპულარული იყოს. მინდა, რომ ჩემს შემოქმედებას ხალხი იცნობდეს. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ საზოგადოებისგან ჩემს ნახატებს ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვთ. ეს ერთგვარი სტიმულიც არის ჩემთვის. ამასთან, ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ყველას, ვისაც ნანახი აქვს ჩემი კალმით და ზეთით შსრულებული ნახატები, ამბობს, რომ ორივე მოსწონთ.
– ფიქრობთ, რომ ამ სფეროს დღეს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს? რისი დეფიციტი გაქვთ?
– გულწრფელად გეტყვით, ვფიქრობ, რომ არანაირი. ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ცოტაა ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ამით დაინტერესდეს, სამწუხაროდ.
– გქონიათ რაიმე გამოფენა, ხშირად ებმებით სხვადასხვა აქტივობაში?
– ჩემი გამოფენა რამდენჯერმე გაიმართა, პირველი გამოფენა მუსკომედიის თეატრში იყო, მეორ -ე შარდენზე, ყველაზე ბოლო კი კაფე „გალერიში“, სულ რაღაც ერთი თვის წინ. მინდა გითხრათ, რომ ოქტომბერში, თუმანიშვილის თეატრში პირველი პერსონალური გამოფენაც მექნება. ჩემი ნახატები ახლა პოლონეთში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე მიაქვთ, საიდან შემოსული თანხაც მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს უნდა მოხმარდეს, ეს ფაქტი განსაკუთრებით მახარებს.
– როგორ ფიქრობთ, საქართველოში წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
– ალბათ, ისევ და ისევ პიარი და რეკლამა. რა თქმა უნდა, ფინანსებიც, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
– ყველა ადამიანს განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში ალბათ თავისი ეტალონი ჰყავს, ვინ არის თქვენთვის მისამაძი მხატვარი?
– რა თქმა, უნდა, ჩემთვის მისაბაძი მხატვრები: სალვადორ დალი და პიკასო არიან.