პეკინი შესაძლოა, მიწის ქვეშ ჩავარდეს

გრუნტის წყლების ამოტუმბვის გამო ჩინეთის დედაქალაქი, პეკინი, ყოველწლიურად 11 სანტიმეტრით მიწაში ჩადის, რაც მომავალში ქალაქის მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ასეთი დასკვნა გააკეთეს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა. ამას თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიც ცხადყოფს.
მეცნიერები ვარაუდობენ, ეს პროცესი გამოწვეულია იმით, რომ ქალაქის ქვეშ გრუნტიდან აქტიურად ხდება წყლების ამოტუმბვა, რომელიც შემდეგ სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. ამის გამო, The Guardian-ის ინფორმაციით, ათასწლეულების განმავლობაში პეკინის ქვეშ დაგროვილი წყალი სულ უფრო ნაკლები რჩება და მიწა ქალაქის ქვეშ მშრალი ღრუბელივით იკუმშება.
ყველაზე სწრაფად მიწის ქვეშ ჩაოიანის რაიონი ჩადის, სადაც ბოლო წლებში მრავალი ცათამბჯენი და ესტაკადა აშენდა. მეცნიერები შიშობენ, რომ ამ პროცესმა მომავალში, შესაძლოა, შენობების ნგრევა გამოიწვიოს. ამის გამო მეცნიერები ურჩევენ ხელისუფლებას, გრუნტის წყლების გამოყენება მაქსიმალურად შეამცირონ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღონ.
2015 წლიდან ჩინეთში 2,4 ათასი კილომეტრის სიგრძის სარწყავი არხის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლითაც პეკინს სასმელი წყალი მიეწოდება. მეცნიერებს უჭირთ ზუსტად თქმა, შეძლებს თუ არა ეს წყალი პეკინის ქვეშ გრუნტის წყლების აღდგენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები