საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ გააცნო.
პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე კომისიის წევრებმა ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის ქ. N4/2-ში მდებარე ავტობაზის ,,ტურისტი’’ შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და იქ მცხოვრებთა განსახლების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, დევნილთა სამინისტრო აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართით უახლოეს მომავალში დააკმაყოფილებს, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და 9 არადევნილ ოჯახს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს განსახილველი საკითხის შესახებ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს და საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
მოსმენას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სახალხო დამცველის აპარატის, სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ორხევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და აღნიშნული შენობის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
დღესვე დეპუტატებმა „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს.