პრემიერ-მინისტრს დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება
პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ვალდებულება იცვლება.
მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ წარუდგინა.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება.