პარლამენტმა “საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი” დაამტკიცა
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსი” დაამტკიცეს. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 87-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
“ქცევის კოდექსის” თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან სიძულვილის ენაზე, ან ისეთი გამონათქვამების გამოყენებაზე, რომელიც არის პროვოკაციული, ცილისმწამებლური, ღირსების შემლახველი, ქსენოფობიური, შეიცავს მუქარას ან ადამიანს ნებისმიერი ფორმის ძალადობისკენ უბიძგებს. ამასთან, საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების მიერ დაცული უნდა იყოს დადგენილი თამაშის წესები და ეთიკური სტანდარტები, რაც წარმოადგენს საზოგადოების ნდობის მოპოვების მნიშვნელოვან წინაპირობას და კარგი მმართველობის ერთ-ერთ უმთავრესს კომპონენტს.
სახელმწიფომ კი, ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, თავისი ექსკლუზიური ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველყოს. „ქცევის კოდექსი“ ოპოზიციური ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ მოამზადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, თუმცა, ისინი პლენარულ სხდომებს არ ესწრებიან. „მათთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და იმედია, შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს, რომელიც ადგენს მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარებას”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.