ზურაბ კიწმარიშვილი: სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა გადაწყვიტა თვითმკვლელობა

სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა გარკვეული თანხის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა, – ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, იგი პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება და აპირებს, გამოძიებას დამატებითი დეტალები წარუდგინოს.
„ამ არგუმენტებს ჩვენ არ ვიზიარებთ. დღეს გვქონდა შეხვედრა ქალაქის მთავარ პროკურორთან, რომელმაც გვამცნო იმის შესახებ, რომ დასრულდა ძიების ეტაპი და გვამცნო ასევე მათი ოფიციალური ვერსია, რომლის შესახებ ჩვენ ადრეც ვიცოდით. ვერსიის საწინააღმდეგოდ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი. თანხის საკითხს ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით. ვთვლი, რომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილმა გარკვეული თანხის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა.
მომავალში პროკურატურის საქმიანობა ამ მიმართულებით იქნება ფაქტობრივად გაჩერებული და იმ შემთხვევაში განახლდება, თუ მათ მიეწოდებათ დამატებით რაიმე ინფორმაცია, ან ნივთმტკიცება საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ, თუმცა ამ დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ვმუშაობთ გარკვეულ მასალაზე და ვფიქრობ, შესაძლებელია ჩვენი მცდელობებით კიდევ რაიმე საინტერესო გამოვნახოთ“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ამასთან, კიწმარიშვილების ოჯახი და ადვოკატი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ხვალ ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების მტკიცებით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები