შსს-მ სასამართლოში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს. გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ სასამართლოში, სადაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს.
დღეს მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ახლობლებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. პირველი დაპირისპირება სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოხდა, მეორე კი, ცოტა მოგვიანებით – სასამართლოს საპირფარეშოში.
როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.
ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც ისინი ამბობენ, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა. საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული. მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები