ბესელიას კომიტეტი ციხეებში წამების შესახებ სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს – რას ყვებიან პატიმრები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2003-13 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სკანდალური ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში წერია, კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 119 9 ყოფილი და ამჟამინდელი პატიმარი გამოიკითხა, რომელთა ნაწილი აცხადებს, რომ უშუალოდ გახდა წამების მსხვერპლი, ან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სხვისგან სმენია.
კვლევის თანახმად, პატიმართა 62 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი ნესტიან და წყლით გაჟღენთილ საკნებში მოათავსეს. რესპონდენტთა 74 პროცენტი ამბობს, რომ მათ უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო მომსახურებაზე.
რესპონდენტთა 10 პროცენტი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ე.წ გაგუდვის მეთოდი.
რესპონდენტთა 8 პროცენტი ამბობს, რომ წამების სახით მათ დამწვრობა მიაყენეს სიგარეტით, გავარვარებული უთოთი და ა.შ. რესპონდენტთა 11 პროცენტი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ დენით წამებას იყენებდნენ.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ წამება და არადამიანური მოპყრობა, სასჯელაღსრულების სისტემის გარდა, შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც იყო დანერგილი.
განცხადების გარკვეულ ნაწილში აღწერილია მაღალი თანამდებობის პირების მიერ წამებისა და არადამიანური მოპყრობის დაკვეთის/ან და მის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობის ფაქტი; განცხადებების აბსოლუტურ უმრავლესობიდან ჩანს, რომ მათში მითითებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება არ აქვთ მოხდენილი ზემდგომ თანამდებობის პირებს.
აღნიშნული ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დაკავებულ/პატიმრობაში მყოფი/თავისუფლებაღკვეთილი პირების მიმართ მსგავსი მოპყრობა იყო სისტემური მიდგომის ნაწილი და არ შემოიფარგლებოდა სისტემის ცალკეული თანამშრომლების დამოუკიდებელი ინიციატივებით.
განცხადებები მოიცავს სხვადასხვა უწყების მიერ განხორციელებული წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს;
ცალკეულ განცხადებებში საუბარია აღნიშნული უწყებების კოორდინებულ საქმიანობაზე. ასევე, განცხადებები არ ეხება მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ცალკეულ დაწესებულებას, ან დაწესებულებებს.
მათში აღწერილია სასჯელაღსრულების სისტემის თითქმის ყველა დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არადამიანური მოპყრობის სხვდასხვა ფაქტი.
აღნიშნული გარემოებები მიუთითებს პრობლემის მასშტაბურ ხასიათზე.
„ 2009 წლის 19 იანვარს, ჩემი დაკავებისას წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ცემას, წამებას და არადამიანურ მოპყრობას. დაკავებისას გამისწორდნენ სასტიკად, მცემდნენ და მაწამებდნენ, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, რითაც მომაყენეს უმძიმესი დაზიანებები, კერძოდ: მარცხენა წარბის არეში – მოგრძო ფორმის, უსწორმასწორო, კიდეებიანი და ბლაგვი ჭრილობა; მარჯვენა ხელის მტევნის მოტეხილობა და ღია ჭრილობა მარჯვენა საფეთქელ თხემ-შუბლის არეში: მრავლობითი ნაჭდევები, ზომით 10.4/5.8 სმ. მარცხენა თვალბუდის არეში. ასეთივე სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. სამედიცინო ჩარევა თვით პოლიციელთა ინიციატივით მოხდა, იმის შიშით, რომ არ მოვმკვდარიყავი და შარში არ გახვეულიყვნენ. ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, კომაში და ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა“,- წერს პატიმარი ს.ჭ.
ამავე ანგარიშში წამებისა და არადამიანური მოპყრობის შესახებ წერს პატიმარი პ.დ-ც.
„ ზუგდიდის #4 დაწესებულებაში ყოფნის დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ღამის საათებში ამიყვანდნენ,ხოლმე დირექტორის კაბინეტში, სადაც მ.ქ, კ.კ,რ.შ და სხვები მცემდნენ. მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასმენინებდნენ უცნობი ადამიანების ჩანაწერებს და მთხოვდნენ, ამომეცნო საუბრის ავტორები. წამების დროს თავს მაყოფინებდნენ წყლის სავსე სათლში, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ერთ-ერთი წამების დროს მ.ქ-მ ამოიღო იარაღი და მოკვლით დამემუქრა, თუ არ ამოვიცნობდი და არ ვეტყოდი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შემდეგ იარაღი თავში ჩამარტყა“,- წერს პატიმარი პ.დ.
„ციხეში ყოფნის დროს მაწამებდნენ. სხვადასხვა პერიოდში, დამაძრეს ფრჩხილები, დამიზიანეს თავის ქალა, დამამტვრიეს ფეხის ძვლები, ჩამიმთვრიეს ნეკნები, გამიტეხეს ცხვირი, ჩამიმტვრიეს კბილები. ვარ 43 წლის, მაგრამ გამოვიყურები მოხუცივით. სიარულის დროს ხან სად წავიქცევი და ხან – სად. ციხეში მძიმედ დავსნეულდი, კერძოდ, მაქვს ჰემორიდიალური დაავადება და პირველი კატეგორიის არტერიული ჰიპოტენზია. #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს ცემისა და წამების გარდა, ციხის თანამშროლების თანდასწრებით მაძლევდნენ საძილე წამლებს,რომლის ზემოქმედების დროსაც მაწერინებდნენ ჩვენებას ჩემი საქმის ირგვლივ“,- წერს პატიმარი მ.გ.
„ციხეში მიყვანის დროს უკვე ვიყავი სასტიკად ნაცემი, მიუხედავად ამისა, მიყვანისთანავე ციხის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ სასტიკად მცემეს და მომათავსეს ე. წ. ფუქსში, სადაც მოყრილი იყო ქლორი და მაიძულეს, შიშველი დავწოლილიყავი ბეტონის ცივ იატაკზე. შემერყა ჯანმრთელობა“,-ყვება პატიმარი ფ.კ.
„2007 წლის 11 დეკემბერს, კამერაში შემოვიდდნენ თ.მ, ვ.ყ, გ.შ და ქნის კოლონიაში ადრე ნამუშევარი რ, რომლის გვარიც აღარ მახსოვს და ასევე, სხვა თანამშრომლები. ამ ადამიანებმა სასტიკად მცემეს. ცემის მიზეზი იყო ჩემი უარი პროკურატურის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი, „გამეპრავებინა“ პროკურატურა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელი დამარტყა, სხვებიც აჰყვნენ. დამაგდეს იატაკზე და შემდგნენ წიხლებით. ცემის დროს გამებზარა ნეკნი და მივიღე სხეულის მრავალი დაჟეჟილობა, ასევე, რადიატორზე მარტყმევინეს თავი, რის შედეგადაც თავი გამიტყდა და დავკარგე გონება. გონებაზე მოსვლის შემდგომ მკითხეს: ახლა რა აზრზე ხარო, აკეთებ საპროცესოს? მე ექიმი მოვითხოვე, მოთხოვნა არ მქონდა დასრულებული, რომ წიხლი მომხვდა და გაისმა გინება ჩემი მისამართით. ამის შემდეგ, ორსართულიანი საწოლის კიბეზე მიმადებინეს ხელი და ფეხით მაჯა გადამიტეხეს. მიმაგდეს და გავიდნენ. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ თანასაკნელებმა შემიშალეს ხელი. ცემის შედეგად მივიღე ტრავმა თავისა და ხელის არეში. რის შეწდეგადაც ფილტვში ჩამ,იდგა წყალი და გადამიყვანეს ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში“,- ვკითხულობთ პატიმარ ი.კ-ს განცხადებაში.
„2010 წლის 19 აგვისტოს, ქსნის # 15 დაწესებულებაში, საღამოს 9 საათზე, შემოვიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნები – გ.მ და ვ.ც; მათ შემოჰყავთ სპეცრაზმის თანამშრომლები. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სტრასბურგში ჰქონდათ საქმეები გასაჩივრებული. გამომიყვანეს გარეთ, კორპუსზე და გამატარეს. დაახლოებით, სპეცრაზმელების მიერ შექმნილი 30-კაციან კორიდორში, რა დროსაც არანორმალურად მცემეს ხელკეტებით. სპეცრაზმების გარდა, მცემდა ლ.ლ და გ.კ, რომელმაც თავზე გადამამტვრია ხის ფიცარი. ცემის დროს მირტყამდნენ თავისა და ხერხემლის არეში, ასევე მიყვიროდნენ შემ სამშობლოს მორალატევ, საჩივარი გამოიტანე სტრასბურგიდანო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ამ დღეში იქნებიო. როდესაც ჩემი ცემით დაიღალნენ, შემათრიეს საკანში. რამდენიმე საათის შემდეგ გაიღო საკნის კარი და მათ სპეცრაზმელებთან ერთად კვლავ სასტიკად მცემეს. მოთხოვნა უცვლელი იყო. ჩემთან ერთად აწამებდნენ ჩემს თანამესაკნეებს, რომელთაც ასევე გასაჩივრებული ჰქონდათ სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი საქმე. დავიწყე შიმშილ;ობა და მხოლოდ 10 დღის შემდეგ ცამიტარეს ექსპერტიზა“,- ყვება პატიმარი ა.ს.
ამავე სტატიის თანახმად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტს შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას უგზავნის. ამავე ანგარიშში მოყვანილია სასჯელაღსრულების სისტემის 22 მაღალჩინოსნის გვარი, რომელბიც წამებისა და არადამიანური მოპყრობის ბრალდებით უკვე გაასამართლეს.
დოკუმენტში ასევე საუბარია ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა ე. წ „კასრების საქმე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ბრალდებულებისთვის პრივილეგიების მინიჭება, 26 მაისის მიტინგის დარბევა, ოქროყანის ტყიეში კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ მამაკაცის გატაცებისა და სასტიკი წამების საქმე, მალხაზ არქანიას წამება და სხვა ხმაურიანი საქმეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები