ლეგენდარული ბალერინა ვერა წიგნაძე გარდაიცვალა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ლეგენდარული ბალერინა, ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი ვერა წიგნაძე.
ვერა წიგნაძის ღვაწლი ქართული ბალეტის განვითარებაში ფასდაუდებელია. მან ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა. ქალბატონი ვერას მიერ სცენაზე გაცოცხლებული გმირები გამოირჩეოდნენ პოეტურობით, რომანტიკული გამომსახველობით, მოძრაობის სიმსუბუქითა და სცენური მომხიბვლელობით.
ვერა წიგნაძის თითქმის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან. მან ამ თეატრის სცენაზე სამი ათეული წელი იცეკვა, შემდეგ კი პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა. 2007 წელს, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო ასტრონომიულ კატალოგში იქნა შეტანილი და მათი სახელები მარადიულად კაშკაშებს.
ვერა წიგნაძის პანაშვიდი გაიმართება 19 და 20 ივნისს, 18:00 საათზე. მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 86/90, მე-2 სადარბაზო, მე-5 სართული, ბ. 9.
გამოსვენება 21 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან. ქალბატონი ვერა წიგნაძე დაიკრძალება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები