„ჯიფონი – საქართველო 2016“ გაიმართება

24-26 ივნისს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, ახალგაზრდული კინოფესტივალი „ჯიფონი – საქართველო 2016“ ჩატარდება, რომელშიც 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის 350 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი).
ფესტივალი ოფიციალურად 24 ივნისს, 11:00 გაიხსნება, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
26 ივნისს, 18:00 საათზე. „ჯიფონი-საქართველო 2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ასევე კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთ კომუნიკაციის ხელშეწყობა და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება.
კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირების, კინოპოსტერების შექმნის ვორკშოფებში. საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი“იტალიაში1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია.
2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართულები. ჯიფონის კინოფესტივალს შექმნილი აქვს მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიც არის საქართველო. აღსანიშნავია, რომ ჯიფონის კინოფესტივალის ქართული ანალოგი პირველად 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა და მასში მთელი საქართველოდან 250-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს 4-დღიანი ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც 500 მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ფლობს ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები