დაჭრილი ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი, ნეიროქირურგი რეზო ბათნიძე ბათუმში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი და ნაცემი ქალის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს აკეთებს.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, 11 ივნისს, დილის საათებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი, რომელსაც თავის არეში და კიდურებზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. რეზო ბათნიძის განმარტებით, მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და კონსერვატიულ მკურნალობას განაგრძობენ. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
„სასწრაფოს ექიმის გადმოცემით, ქალბატონი ნახეს სასაფლაოზე უგონო მდგომარეობაში. შემოსვლისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა როგორც თავზე, ასევე, კიდურებზე. თავის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა, რომელიც ქირურგიული წესით დამუშავდა. პაციენტს გაეწია სამედიცინო დახმარება და გამოკვლევების დროს გამოვლინდა თხემის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, დაჟეჟილობების უბნები თავის ტვინის და ტრავმულ სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევები“, – აღნიშნა რეზო ბათნიძემ.
10 ივნისს, საღამოს საათებში, ყოფილმა ქმარმა 27 წლის ნინა ტ. სასტიკად სცემა და თავის არეში ჭრილობები ბლაგვი საგნით მიაყენა. მამაკაცმა ქალი ბათუმის განაპირას მიატოვა და სარფის საზღვარი გადაკვეთა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის მუხლებით იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები