ბათუმში ყოფილმა ქმარმა 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა

ყოფილმა ქმარმა ბათუმში 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაზარალებულს თავის არეში ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება ხელის არეში, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს.
შემთხვევა ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა, როცა ნინა ტ. მის ყოფილ ქმარს არკადი ტ.-ს გარდაცვლილი მეზობლის ოჯახში სამძიმარზე გაჰყვა.
როგორც ნინა ტ აცხადებს, ყოფილმა ქმარმა მოტოციკლის მოშორებით გაჩერება შესთავაზა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა მეზობლებს მასთან ერთად ენახათ.
„სადაც ვცხოვრობდით ხუთი წელი, იქ გარდაიცვალა მეზობელი. დამირეკა ყოფილმა ქმარმა და მითხრა, რომ გამომივლიდა და გარდაცვლილის ცოლის სანახავად წამიყვანდა. ვმეგობრობდი იმ ქალთან და მეც დავთანხმდი. სამსახურის მერე გამომიარა მოტოციკლეტით და წავედით. სახლამდე მისულებიც არ ვიყავით, მითხრა, რომ არ მინდა ერთად დაგვინახონ, გზიდან გადავუხვევ, დავაყენებ მოტოციკლეტს და ცალ-ცალკე ავიდეთო. გადავუხვიეთ, სადღაც მიფარებულ ადგილზე, გადმოვიდა მოტოციკლეტიდან, პარკში გახვეული რაღაც ნივთი ამოიღო, თურმე ეჩო ჰქონია. მახსოვს მხოლოდ ერთი დარტყმა თავში და მეტი არაფერი. ჩემი გათიშვის მერე გაუგრძელებია თავში ეჩოს ჩარტყმა და ცემა. მარჯვენა ხელი მაქვს მოტეხილი, მარცხენა ხელზე ჭრილობა მაქვს, თავში ძვალი მაქვს გაბზარული, ტვინის შერყევა მაქვს, ძალიან ბევრი, 15-ზე მეტი ჭრილობა მაქვს თავზე, მთლიანად სხეული ჩაშავებული მაქვს. როგორც ჩანს ძალიან მცემა და დამაგდო იქ ეკლებში“, – აღნიშნა ნინა ტ-მ.
მისივე თქმით, შემთხვევა საღამოს 23:00 საათზე მოხდა და უგონო მდგომარეობაში დილით 10:00 საათისთვის გამვლელმა აღმოაჩინა. ნინა ტ.-ის თქმით, მის დასაკითხად პოლიცია იყო მისული, ვისგანაც გაიგო, რომ ყოფილმა ქმარმა არკადი ტ.-მა სარფის საზღვარი მის მიმართ განხორციელებული ძალადობიდან საათნახევრის შემდეგ დატოვა.
ნინა ტ. ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. დაზარალებული ქალბატონი ამბობს, რომ 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. მათ 11, 8 და 6 წლის შვილები ჰყავთ.
წყარო: “ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები