ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას გამართავს

ხვალ, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ საინფორმაციო კამპანიას გამართავს. ღონისძიება 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინტერესის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება ლტოლვილთა უფლებების შესახებ. აქციის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ასევე დაურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებსა და ფლაერებს.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის, 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო ქვეყნებში. საქართველომ ლტოლვილთა დაცვის ვალდებულება აიღო „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციასა და მის 1967 წლის დამატებით ოქმთან მიერთების შემდეგ.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვა გარანტირებული იქნება ჩვენ ქვეყანაში. სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლაა.
„ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავია მიძღვნილი აღნიშნულ პირთა უფლებრივ მდგომარეობზე. სახალხო დამცველი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც 2015 წელს, სახალხო დამცველის აპარატში მომზადდა სპეციალური ანგარიში „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები