კატარის ბიზნეს დელეგაცია ენერგეტიკის სამინისტროს ესტუმრა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კატარის ბიზნეს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციში კატარის 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი შედის. როგორც „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის ახალი საინვესტიციო წესები და საქართველოს ენერგოსექტორის პოტენციალი გააცნეს.
კატარის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს დღეს ესტუმრა და საქართველოში 4 დღე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ესტუმრება საქართველოს სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებს. დელეგაცია საქართველოს 4 აპრილს დატოვებს.