დღეს ქუთაისში, ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართება

 

დღეს ქუთაისში, ცნობილი ესპანელი მომღერლის, ხოსე კარერასის კონცერტი გაიმართება.
კონცერტისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, თუმცა თავად შემსრულებლის მოთხოვნით სცენის წინ განთავსდება 900 სკამი, სადაც მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და შშმ პირები დასხდებიან.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, მოსაწვევების ნაწილი სპონსორებს დაურიგდათ, იმერეთმა კი 670 მოსაწვევი მიიღო. იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 250 მოსაწვევი დაიგზავნა.
ხოსე კარერასი საქართველოს მეორედ ეწვია, ამჯერად პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში და ამ ტურით მომღერალი კარიერას დაასრულებს.
იგი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი კონცერტით მსმენელი კმაყოფილი დარჩება.
“ჩემთვის გამოწვევაა ახალი ადამიანებისა და ახალი მსმენელის გაცნობა. იმედი მაქვს, კარგ კონცერტს შევთავაზებთ და მსმენელი კმაყოფილი დარჩება”, – აღნიშნა კარერასმა.
კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ) 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები