ირაკლი შიხიაშვილი – დეპუტატობის პერიოდში ჩემი პრიორიტეტი საზღვრისპირა თემები იქნება

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, დეპუტატად არჩევის შემდეგ მისი მთავარი პრიორიტეტი საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების ნორმალიზება იქნება.
მისივე განმარტებით, დღეს ბევრი საუბრობს პრობლემებზე, თუმცა არა მათი გადაჭრის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, შიხიაშვილმა ისრაელის შემთხვევა მოიყვანა და განაცხადა, რომ საქართველოში ანალოგიური მიდგომაა საჭირო.
„ჩემი ინტერესებია ის, რაც სჭირდება ჩემს ქვეყანას. ყველაზე მთავარი, რასაც ვთვლი, რომ ამ პერიოდში ჩემი პრიორიტეტი უნდა იყოს, ეს საზღვრისპირა რეგიონების თემაა. ძალიან ხშირად ისმის განცხადებები, რომ 10-15 ჰექტარი დავკარგეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ საუბრობს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ დავკარგოთ ეს ტერიტორია და „შაგრენის ტყავივით“ არ დაგვიპატარავდეს ჩვენი ქვეყანა. ან ვილანძღებით და ვყვირით, ან კიდევ ვართ ჩუმად ვართ და გულგრილად ვუყურებთ განვითარებულ მოვლენებს. მე არ ვსაუბრობ ველოსიპედის გამოგონებაზე, მე ვსაუბრობ იმ გამოცდილებაზე, რომელიც აქვს ისრაელს. მან ქვიშაზე, ძალიან ცუდ კლიმატურ პირობებში, მტრულად განწყობილი მეზობელების გარემოცვაში შეძლო და ააშენა ძლიერი სახელმწიფო. ჩემი პროექტი საზღვრისპირა რეგიონებში, არ არის სოფლის მეურნეობის პროექტი. ეს არის ის პროექტი, რომელსაც შეუძლია, რომ ქვეყანა, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, მიცოცავს დაბლა, გააჩეროს, ჯებირად ექცეს და წინ წაიყვანოს. ის, რომ ეს განხორციელდა, ამას ისრაელის მაგალითი ამტკიცებს. ჩვენ გვყავს სპეციალისტები, მეგობრები, გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გამოცდილება და ცოდნა არა მხოლოდ გაუზიარონ და ასწავლონ, არამედ ზედამხედველობა გაუწიონ იმ პროცესს, რომ სწორად განვითარდეს ეს პროცესები“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე განცხადებით, დეპუტატად არჩევის შემდეგ ის არავისთან დაპირისპირებას და არავის ლანძღვას არ გეგმავს, თუმცა ეს არ ეხება „ნაციონალურ მოძრობას“ და მასთან მონათესავე პარტიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები