ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომას დაესწრება, რომელიც დღეს გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უხელმძღვანელებს.
ასოცირების კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე კი იქნება ევროკავშირის მხარე, კერძოდ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით” გათვალისწინებულ ყველა ძირითადი პრიორიტეტი, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოსა-ევროკავშირს შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ.
საუბარი ასევე შეეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს. კომიტეტის სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები