საგარეო უწყება: ვანო მერაბიშვილის საკითხზე იური ლუცენკოს შეფასება ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გიორგი ნაზაროვს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები და მიმდინარე აქტუალური საკითხები.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი მიმდინარე წლის 14 ივნისს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების გამო, რაც წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის შეფასებები ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არ შეესაბამება თავად ამ გადაწყვეტილების შინაარსს.
საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა, გამოიწვია გენერალური პროკურორის არაინფორმირებულობამ, შედეგად კი მის მიერ მოხდა საქმის არასწორი შეფასება, ეს კი ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.
ნაზაროვმა განაცხადა, რომ მას უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იგი საქართველოს პოზიციას დაუყოვნებლივ აცნობებს კიევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები