მოწმე მაგდა პაპიძეს: ხმას როგორ იღებ, შე შვილის მკვლელო

თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმის მოწმე თინათინ პეტრიაშვილიც დაიკითხა.
დაკითხვისას პეტრიაშვილმა მაგდა პაპიძის პიროვნება დაახასიათა და აღნიშნა, რომ დედამთილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ზურგს უკან ლანძღავდა. მან ასევე დასძინა, რომ პაპიძე ბავშვს არც ტანსაცმელს და არც სასურველ ნივთებს არ აკლებდა, თუმცა პატარას მაინც ეჩხუბებოდა.
ბრალდების მხარის მხრიდან კითხვების ამოწურვის შემდეგ მოწმეს შეკითხვით თავად ბრალდებულმა მიმართა: “შენით იტყვი თუ მე ვთქვა, შენი შვილი შენ და შენს დედამთილს როგორი სიტყვებით მოგმართავდათ, როგორ გაგინებდათ“, – მიმართა მაგდა პაპიძემ ბრალდების მხარის მოწმეს, რასაც თინათინ პეტრიაშვილის რეპლიკა მოჰყვა.
„შენ ხმას როგორ იღებ, შე შვილის მკვლელო, ამ ხელებით როგორ ჭამს საჭმელს. შენი სახით საქართველო მსახიობ ადამიანს კარგავს“, – მიმართა ბრალდებულს პეტრიაშვილმა.
თინათინ პეტრიაშვილმა, იმ სახლში, სადაც მაგდა და ლანა პაპიძეები ცხოვრობდნენ, მათი დედის სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ შვილის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა და განმარტა, თუ რატომ დაიცვა სახალხოდ შვილი.
„ლია შამუგიამ თქვა – ეს ყველაფერი ხალხისთვის ვილაპარაკე, თორემ ისე მაგდას საფლავსაც არ ვაღირსებო. ასევე ლანა პაპიძემ, როდესაც სამძიმარზე პირველად მოვიდა, თქვა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცნობ მაგდას რისი გამკეთებელია, ის არც მას და არც მის შვილს დაინდობდა“, – აღნიშნა მოწმე პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები