მანანა კობახიძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს და საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ბოლო წლებში, ჟენევის ფორმატზე განხილულ საქმეებს შორის, ე.წ. საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე ყველაზე მძიმეა. როგორც კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, ამ პასუხისმგებლობას ვერც რუსული მხარე და ვერც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობა გაექცევა.
„რა თქმა უნდა, გამოძიება იმ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, სადაც ეს ადამიანი იმყოფება. სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას რომ გამოძიება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაწარმოოთ, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ამ მძიმე დანაშაულზე საოკუპაციო რეჟიმს და რუსულ მხარეს ეკისრება, რომელიც ამ რეჟიმის ავტორია. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება რუსეთს ძალიან გაუჭირდება. მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ვინც ჩვენ გვეხმარება ამ საქმეში, პარტნიორი ქვეყნები, თანათავმჯდომარეები, ყველა რუსულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. ყველაფერი დღისით, მზისით ხდებოდა და ეს ძალიან ნათელია. გამოძიება უნდა ჩატარდეს და აფხაზებსაც უნდა აინტერესებდეთ ამ გამოძიების ჩატარება, რადგან სხვაგვარად ნდობის აღდგენა ძალიან რთული იქნება.
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აფხაზები და ჩვენი თანამემამულე ოსები საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად გრძნობდნენ თავს. ჩვენ მათ აბსოლუტურად სხვაგვარად ვეპყრობით. თუ მიხვალთ სამედიცინო დაწესებულებებში, ნახავთ თუ როგორი მოვლისა და ყურადღების ქვეშ არიან ისინი. ეს იციან ოსებმა, აფხაზებმა და მათ უნდა სურდეთ ამ საქმის გამოძიება, რათა არ გართულდეს ისედაც ძალიან გართულებული და მძიმე პროცესი იმ ნდობის აღდგენისა, რომელიც უმთავრესია ამ პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ აფხაზი და ოსი ხალხის დაბრუნება ჩვენს ქართულ ოჯახში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები