“ეროვნული ფორუმი” მოსამართლეების არჩევის ინიციატივით გამოდის

„ეროვნული ფორუმი“ მოსამართლეების არჩევის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას თავად განაცხადა. მისივე განმარტებით, სასამართლო სისტემა დაუყოვნებლივ რეფორმას საჭიროებს, რადგან სისტემაში მრავლად არიან „ნდობადაკარგული“, “თავდაცვაზე გადასული” და “დაშინებული” მოსამართლეები.
„ეროვნული ფორუმი“ მხარს უჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპს, სასწრაფოდ შესაცვლელია მხოლოდ თანამდებობაზე გამწესების მექანიზმი ისე, რომ საჭირო არ გახდეს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. დღეს პირველი – რაიონული და საქალაქო და მეორე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
„ეროვნული ფორუმი“ საზოგადოებას სთავაზობს ამ ორი ინსტანციის მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებას საერთო-სახალხო კენჭისყრის საშუალებით. დღეის მდგომარეობით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები დაკომპლექტებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით – 205 მოსამართლე წარმოადგენს 24 რაიონულ და საქალაქო სასამართლოს – პირველი ინსტანციიდან და 55 – თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს – მეორე ინსტანციიდან. არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ასარჩევი იქნება დაახლოებით 300 მოსამართლე“,-აცხადებს მიროტაძე.
მისივე განცხადებით, არჩევნები 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა ჩატარდეს.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის და სასამართლოს მოთხოვნილებათა გათვალისწინებით კი, ქალაქებსა და რაიონებში ერთ- ან მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იქნება წარმოდგენილი.
„მოსამართლეობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს – კანდიდატების დასახელების უფლება უნდა ჰქონდეთ პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, რომელთაც, შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფებს გარკვეული რაოდენობის 5-10% ხელმოწერების შეგროვების გზით, კანდიდატად დასახელების უფლება უნდა ჰქონდეს მოქმედ მოსამართლესაც პირადად, ან წინა პუნქტში აღწერილი მექანიზმის გამოყენებით და თუ დღეს მოქმედი მოსამართლე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მას შეეძლება საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ მისი ვადის ამოწურვამდე, ამ ადგილზე უვადოდ არჩეული მოსამართლის პარალელურად.
ასევე, კანდიდატის საარჩევნო კამპანია შეიძლება დაფინანსდეს მოქალაქეთა შემოწირულობებით, დასაშვებად მიგვაჩნია ერთიანი საარჩევნო ფონდის შექმნაც სხვა წყაროებიდან და მათ შორის სამთავრობო შენატანებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ ფონდის თანხები თანაბრად გადანაწილდება ყველა კანდიდატზე, ასევე, უვადოდ არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც სხვაზე მეტ ხმას მოაგროვებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, მხოლოდ არჩეული მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს წევრებთან ერთად, შეიკრიბებიან მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სააპელაციო სასამართლოების ახალი შემადგენლობების ასარჩევად“,-განაცხადა მიროტაძემ.
„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსამართლის დაცულობის ხარისხის ასამაღლებლად, თუ მოსამართლის მიმართ განხორიელდა დისციპლინური დევნა და შესაბამისი ორგანოს დასკვნა ითვალისწინებს თანამდებობიდან გათავისუფლებას, მოსამართლეს ექნება უფლება, ან დაეთანხმოს დასკვნას, ან მოითხოვოს კენჭისყრა ნდობის გამოსაცხადებლად იმ ოლქში, საიდანაც ის იყო არჩეული.
ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოსამართლე დაუბრუნდება თავისი მოვალეობის შესრულებას. „ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა მეორე ვარიანტსაც სთავაზობს საზოგადოებას. კერძოდ კი, მოსამართლეს უფლება ექნება, რომ იმ ოლქში, საიდანაც არჩეული იყო, დამატებით არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და არჩევის შემთხვევაში, გააგრძელოს თავისი მოვალეობის შესრულება. ასეთი წესით არჩეული მოსამართლეთა კორპუსი საზოგადოების მხრიდან აღჭურვილი იქნება დღევანდელთან შედარებით გაცილებით მაღალი ნდობით. მიროტაძის მტკიცებით, ასეთ შემთხვევაში გაიზრდება მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები