დავით უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: გვპირდებიან, რომ ეს გაჭიანურება არ იქნება მრავალი თვით

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთან მიმართებაში გაჭიანურდა სხვა მიზეზების და არა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გამო.
„პარტნიორები გვპირდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ბევრი თვით არ გაჭიანურდება – ეს იქნება რამდენიმე კვირით ან თვით,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამაზე საუბრობენ ყველგან: სტრასბურგშიც, ბერლინშიც.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე სხვა საკითხიც – თურქეთთან ამავე ვიზალიბერალიზაციის თემაზე მოლაპარაკებები, უკრაინასთან მოლაპარაკებები.
“უკრაინაში და თურქეთში ერთად, 100 მილიონზე მეტი მოქალაქეა. ამასთან დაკავშირებით ევროპულ სახელმწიფოებს სხვა მიდგომები აქვთ. განსაკუთრებით გართულდა ვითარება მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისების გამო ევროპაში, ამიტომ ხდება საკითხის გადადება სხვა მიზეზების გამო. ჩვენ ყველა კოლეგა, პარტნიორი გარკვეულწილად ბოდიშს გვიხდის ამისთვის, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს გაჭიანურება არ იქნება ბევრი თვით. ეს იქნება რამდენიმე კვირით, ან თვით. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა უწყების დონეზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს, ზოგის ივნისში, ივლისში, სექტემბერშიც, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ გარემოებას ამ წუთში, რომელიც ხელს შეგვიშლის ჩვენ ამ გზით სვლისკენ. ჩვენ 26 წელია ვიზებით დავდივართ ევროპაში, 26 დღესაც მოვითმენთ, მე მგონი, იმიტომ, რომ ბოლო ნათელი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები